Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევმა აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს პლატფორმის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. განცხადება მან პრაღაში, მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც ევროკავშირის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში იმსჯელეს „ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების“ თემაზე.

ალიევის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან „აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის განხილვის ერთიანი პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ანუ სამმაგ ფორმატში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

„მან თქვა, რომ აქვე შეიძლება განიხილოს ენერგეტიკის, კომუნიკაციის საკითხები და სხვა პრობლემები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს მხარს უჭერს. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი ურთიერთშემავსებელი პროცესებია, „ფაქტი, რომელიც შესაძლოა ემსახურებოდეს მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფას მთელ რეგიონში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზადაა, „თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა“. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენ ამ პროცესში არანაირი წინაპირობები არ გვაქვს, ერთადერთი შეთავაზება, რაც ჩვენი მეზობლების მისამართით გავაკეთეთ და ეს ძალაშია დღესაც და ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, თუკი ამის საჭიროება იქნება, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმაონ ეს პროცესი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა შეასრულოს შუამავლის როლი რეგიონში ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობისთვის.

16 ივლისს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა.

უფრო ადრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერის ჩართულობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.

XS
SM
MD
LG