Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს


ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი
ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, არაფორმალური შეხვედრა პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და იგი, ძირითადად, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა.

„შეხვედრაზე პრემიერი ღარიბაშვილი სწორ რამეებს ამბობდა, რაც მისგან ადრე არ გვსმენია“, - აცხადებს ევროკავშირის წყარო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.

სამიტის კულისებში ამ და სხვა შეხვედრების შესახებ საქართველოს ოფიციალური არხებით ცნობები არ გავრცელებულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღაში 6 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში იღებს მონაწილეობას.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის, ხოლო ახალი ფორმატის დანიშნულება ასევე განსაზღვრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილეები განიხილავენ "ახალი წესრიგის შექმნას რუსეთის გარეშე", - განაცხადა ბორელმა სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე.

“მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპა ჩვენი ისტორიის ახალ ფაზაში შევიდა. დღეს 44 ევროპელი ლიდერი ერთმანეთს მოუსმენს, რათა იპოვონ გზა, როგორ აშენდეს ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა. ეს რუსეთის გარეშე იქნება გაკეთებული. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ევროპის ნაწილი იყოს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ევროპული თანამეგობრობიდან პუტინის მიერ იქნა გაგდებული”, - აღნიშნა ბორელმა.

ამ ახალ წესრიგში რუსეთის გარდა, არ აღმოჩნდა არც ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის ადგილი. ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ეს ორი ქვეყანა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ისტორიულ სამიტში არ მონაწილეობს.

ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ მომდევნო შეკრების დეტალებსაც - ის მომავალ წელს ჩატარდება ევროკავშირის რომელიმე არაწევრ ქვეყანაში და ეს, კულუარული ინფორმაციით, შეიძლება იყოს მოლდოვა.

XS
SM
MD
LG