Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება


ჟენევა, გაეროს შტაბ-ბინა
ჟენევა, გაეროს შტაბ-ბინა

ჟენევაში დღეს, 5 ოქტომბერს, საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების გამართვა ევროკავშირის, გაეროსა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

სამინისტროში ამბობენ, რომ ქართული დელეგაცია მთავარ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე. გარდა ამისა, საქართველოდან ჩასული დელეგაცია ისაუბრებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წყვეტების შემდეგ ეს მოლაპარაკებების პროცესი განახლდა. მინდა ხაზი გავუსვა თანათავმჯდომარეებისა და ჩვენი პარტნიორების აქტიურობას", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო, 55-ე რაუნდი, 2021 წლის დეკემბერში შედგა. მაშინვე 56-ე რაუნდი მარტში დაიგეგმა, თუმცა ამ დრომდე არ გამართულა. ამის მიზეზად იქცა რუსეთის უკრაინაში შეჭრა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში ჩართული არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში - ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

XS
SM
MD
LG