Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის დასუსტებული საბრძოლო პოტენციალი უკრაინაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ოქტომბერს


რუსეთის არმია უკრაინაში მოტივაციისა და საბრძოლო პოტენციალისგან იცლება

უკრაინული ჯარები განაგრძობენ წინსვლას, ხოლო რუსეთის არმია ხშირად წინააღმდეგობის გარეშე ტოვებს პოზიციებს. შეიარაღებული ძალების ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის მოწინავე ნაწილებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს სოფელ ზოლოტა ბალკაში, საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს ასევე მიროლიუბოვკა და მიხაილოვკა.

უკრაინის კონტრშეტევის ფონზე რუსეთის არმიას სულ უფრო გაუჭირდა ტაქტიკაში, შეიარაღებასა და მოტივაციაში.

„პრინციპში ტაქტიკა ერთია: თავდაპირველად მიდის დაზვერვა, მტრის კოორდინატებს ვიგებთ, მერე მუშაობს უკვე მძიმე არტილერია, მათ შორის ყველაზე შედეგიანია HIMARS-ების სისტემა და შემდეგ უკვე [მტრის პოზიციაზე] დაზვერვითი პატარ-პატარა ჯგუფები, მობილური ჯგუფები შედიან, უშუალოდ ხდება დაზვერვა და მერე ხორციელდება სწრაფი შეტევა, რაშიც ერთვება მთელი შეიარაღებული ძალა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავიდან, ერთი-ორი თვის წინ [უკრაინელები] ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის იარაღის საწყობებსა და შტაბებს, ორი თვის თავზე კი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს“, - უყვება რადიო თავისუფლებას „კავკასიის ლეგიონის” მეთაური, ლადო გამსახურდია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას უფრო მეტ HIMARS-ს გადასცემს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას პირადად შეატყობინეს ახალი, 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ.

რუსეთის ჯარების დაშლილი ფრონტი და სულ უფრო მეტი აფრიალებული უკრაინული დროშა - წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

„სიმართლის მთქმელი“ 9 დეპუტატი და „ოცნება“ უმრავლესობის გარეშე

„ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასული დეპუტატების რიგები გაფართოვდა. მოძრაობა „ხალხის ძალა“ 9 მანდატით პარლამენტში სიდიდით მესამე ხდება. „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილ ოთხეულს შეუერთდნენ დეპუტატები: ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვის ფონზე, „ხალხის ძალას“ შეერთებული მდიდარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ტელეკომპანია „პოს ტივის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელიც გახდა და გააჩინა შეკითხვა - ხომ არ აკმაყოფილებს ის ოლიგარქის კრიტერიუმებს?

საერთაშორისო პარტნიორების, ძირითადად - ამერიკის ელჩისა და მთლიანად, აშშ-ის წინააღმდეგ დარაზმული მოძრაობა ისევ აცხადებს, რომ არ არის ანტიდასავლური ძალა, უბრალოდ, საქართველოს სუვერენიტეტისა და მშვიდობის სადარაჯოზე დგას. მათი მესიჯები კი ანალიტიკოსებისთვის საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

„ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობა აღარ აქვს, რაც თეორიულად მას საკანონმდებლო ინიციატივების გატანის საშუალებას უნდა ართმევდეს. კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია განმარტავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით მთავრობის დამტკიცების საკითხი დადგება პარლამენტის დღის წესრიგში, თეორიულად შესაძლებელია პარლამენტი დაშლამდე მივიდეს, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველს ქმნის.

თუმცა ეს მხოლოდ თეორიული დაშვებაა, რადგან წასულებიც და დარჩენილებიც სრულ თანხმობას ადასტურებენ.

რა შეიცვალა საკანონმდებლო ორგანოში ამ გადაჯგუფებით? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

5-7 ოქტომბერს საქართველოში შედგება იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი დენის ჯენკინსის ვიზიტი.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, ჯენკინსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე. ის ილაპარაკებს COVID-19-თან ბრძოლაში მიღებული გამოცდილების შესახებ.

ბონი დენის ჯენკინსს ექნება ორმხრივი შეხვედრები.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ექსპრეზიდენტი ამერიკელმა ექსპერტმა მოინახულა

გუშინ საღამოს კლინიკა „ვივამედი“ დატოვა ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა, რომელმაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა შეისწავლა.

„თათბირი უნდა გავმართო ჩემს კოლეგებთან, სხვა ექიმებთან და ექსპერტებთან, სანამ საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებ”, - აღნიშნა ლახანმა და დაამატა, რომ ის ისევ აპირებს სააკაშვილთან შესვლას ახლო მომავალში.

კლინიკა "ვივამედში" გუშინ ვერ ჩატარდა გასვლითი სასამართლო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ კლინიკის დატოვების შემდეგ თქვა, ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

წაიკითხე მეტი.

უკრაინა ზაპოროჟიეს აეს-ის კვლავ ჩართვას აპირებს

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანია „ენერჰოატომის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კვლავ ჩართვა. ელექტროსადგურს რუსეთის ჯარები აკონტროლებენ.

Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ენერჰოატომის“ პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ კომპანიამ რამდენიმე დღეში შეიძლება კვლავ აამუშაოს ორი რეაქტორი, რათა უსაფრთხოების სისტემები დაიცვას ზამთრის მოახლოებისა და აცივების პირობებში.

მისი თქმით, დაბალ ტემპერატურებზე შიგნით ყველაფერი გაიყინება და უსაფრთხოების მოწყობილობები დაზიანდება.

წაიკითხე მეტი.

ლუკაშენკას თქმით, ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დღეს სამხედრო უსაფრთხოების საკითხზე თათბირი გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა „სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაანალიზებას და რეაგირების ზომების შემუშავებას“.

თათბირზე ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ ბელარუსი მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“. მაგრამ უარყო, რომ ბელარუსი უკრაინაში თითქოს სამხედროებს აგზავნის რუსეთის დასახმარებლად. ოპერაციაში მონაწილეობა იმაში მდგომარეობს, რომ ვუმკურნალოთ დაჭრილებს, მივიღოთ ლტოლვილები და არ დავუშვათ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელება, თქვა მან.

წაიკითხე მეტი.

საპატიო და "უპატიო" თბილისელები

თბილისს საპატიო მოქალაქეები 1979 წლიდან ემატებიან. როგორც წესი, ამ წოდებისა და ქალაქის სიმბოლური გასაღების მფლობელებს, გამორჩეული ღვაწლის მეცნიერებს, სპორტსმენებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს, თბილისის მერი თბილისობის დღესასწაულებზე ასახელებს ხოლმე. ასე მოხდა წელსაც. კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა რეკორდულად ბევრ, 20 ადამიანს, თუმცა საპატიო მოქალაქეების წლევანდელი გამოცხადება მხოლოდ ამით არ ყოფილა გამორჩეული.

კახა კალაძემ 2022 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა დემნა გვასალიას. ცნობილი დიზაინერის, მოდის სახლ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის თბილისის საპატიო მოქალაქედ გამოცხადება თბილისის მერმა ბოლოსთვის შემოინახა.

სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ვნებათაღელვა. „დემნა გვასალიას მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებული და ნეგატიურია, რადგან დემნა გვასალიამ ღიად და საჯაროდ ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე, თავის იდენტობაზე, ქართულ საზოგადოებას კი ყველა სახის მსგავსი მანიფესტაცია შინაგანად ძალიან აწუხებს, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ, - ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანები შეაფასონ მათი საქმიანობისა და წარმატებების მიხედვით. ასეთი რეაქცია ცუდის ნიშანია და პოზიტიურად არ მეტყველებს საზოგადოებაზე. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მისთვის არ უნდა მიეცათ ეს წოდება“.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

უკრაინელები რუსეთის მხრიდან შესაძლო ბირთვული თავდასხმისთვის იოდის აბებითა და იუმორით ემზადებიან.

XS
SM
MD
LG