Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ძებნილთა სიაში შეიყვანეს ტელეჟურნალისტი, რომელმაც ეთერში გააპროტესტა უკრაინაში ომი


მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში აპროტესტებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. 14 მარტი, 2022 წელი
მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში აპროტესტებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. 14 მარტი, 2022 წელი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეჟურნალისტი მარინა ოვსანიაკოვა, რომელმაც მარტში პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. როგორც აცხადებენ, ის შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ინტერნეტგამოცემა Mediazona 3 ოქტომბერს წერს, რომ ოვსიანიკოვას სახელი სამინისტროს ძებნილთა სიაში გამოჩნდა. სამინისტრო აცხადებს, რომ ჟურნალისტს დანაშაულისთვის ეძებენ, თუმცა დანაშაულს არ აკონკრეტებს.

ორი დღით ადრე, ოვსიანიკოვას ყოფილმა ქმარმა განაცხადა, რომ ოვსიანიკოვა შინაპატიმრობიდან გაიქცა მათი 11 წლის ქალიშვილთან ერთად და დასძინა, რომ დედა-შვილის ადგილსამყოფელი უცნობია. ოვსიანიკოვას ადვოკატმა დმიტრი ზახვატოვმა გამოცემა Novaya gazeta.Europe-ს უთხრა, რომ იმ დროისთვის არ ჰქონდა ინფორმაცია კლიენტის გაქცევის შესახებ.

აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა მიუსაჯა. მანამდე პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა. ზახვატოვი მაშინ ამბობდა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოვსიანიკოვას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ოვსიანიკოვამ საერთაშორისოდ გაითქვა სახელი 14 მარტს, როცა პირველი არხის გადაცემა "ვრემიას" პირდაპირ ეთერში შეიჭრა პლაკატით, რომელზეც რუსულ ენაზე ეწერა: "გააჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. ისინი გატყუებენ", და დაიყვირა: "გააჩერეთ ომი. არა ომს!"

XS
SM
MD
LG