Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას


ნატოს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს რვა ქვეყნის პრეზიდენტები უკვე იმყოფებოდნენ კიევში სრულმასშტაბიანი ომის დროს და „საკუთარი თვალით ნახეს რუსული აგრესიის შედეგები“.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის", - წერია განცხადებაში.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების პრეზიდენტებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ალიანსში უკრაინის მომავალ წევრობაზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრისგან თავდაცვის პროცესში, რუსეთიდან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება“.

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG