Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: დღეს უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებს


ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ერთად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ერთად

დღეს, 30 სექტემბერს, უკრაინა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს გააკეთებს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა.

"ჩვენ დე ფაქტო უკვე გავიარეთ ნატოსკენ გზა, დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა, ისინი ნამდვილია უკრაინაში - ნამდვილია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე ფაქტო. დღეს უკრაინა განაცხადს გააკეთებს, რათა ეს დე იურე გააკეთოს. პროცედურებით, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით. ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით“, - თქვა ზელენსკიმ.

მან განაცხადს ხელი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ერთად მოაწერა.

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წვერები გახდებოდნენ, მაგრამ ქვეყნებს არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

2021 წელს მოსკოვმა მოითხოვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების უარყოფა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თებერვალში მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას განჭვრეტად მომავალში.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტო Reuters-ს მიმდინარე წლის სექტემბერში აცნობა, რომ პუტინმა ომის დასაწყისში უკრაინასთან შეთანხმების შესაძლებლობა უარყო, რომელიც ითვალისწინებდა კიევის უარს ნატოში გაწევრიანებაზე.

XS
SM
MD
LG