ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე ევროკავშირის სანქციათა სიაში შეიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური გამოცემა Postimees-ი ავრცელებს.
"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც განადიდებს გენოციდისკენ მიმართულ ომს, ესტონეთი გამოდის ინიციატივით, რომ პატრიარქი კირილი შევიდეს ევროკავშირის სანქციათა სიაში... ეკლესიის სიწმინდე არ შეიძლება იყოს საფარი ანტიადამიანური პოლიტიკისთვის. ესტონეთის რესპუბლიკა შეურიგებელია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა რეინსალუმ, რომელსაც გამოცემა ციტირებს.
27 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ რუსებს "სულიერი მობილიზაციისკენ" მოუწოდა, "რუსეთისა და უკრაინის შერიგებისთვის".
ივნისის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მიიღო, მაგრამ ამ პაკეტით გათვალისწინებული შეზღუდვები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თავკაც კირილეზე არ ვრცელდება.
სამაგიეროდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ. შეზღუდვები, კერძოდ, ითვალისწინებს მისი აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.
ივლისის ბოლოს ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.