Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქეების მზარდი შემოდინება საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 სექტემბერს


შსს აქვეყნებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკას

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" გავლით საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი გაზრდილია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებშიც ჩანს, რომ მობილიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა, ვიდრე შემოდიოდა.

მობილიზაციის გამოცხადებამდე, 17-20 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 25 606 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 27 130.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ამ სტატისტიკურ მონაცემებში არ არის ასახული იმ ადამიანების მონაცემები, რომელთაც ორმაგი (საქართველო-რუსეთის) მოქალაქეობა აქვთ.

"თითქმის პიკზეა მისული და რიგები დგას ჩვენ მხარესაც. ჩვენ არ გვაქვს 10 და 20-გეითიანი გასასვლელი, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. ამაზე მეტი აღარ მგონია გაიზარდოს, ვეღარ გავატარებთ ფიზიკურად", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება რესპუბლიკაში რუსეთის სხვა რეგიონებიდან შესვლას ზღუდავს

რუსეთის სხვა რეგიონებიდან სატრანსპორტო საშუალებების შესვლას ზღუდავს ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება. ამ განკარგულებას რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო უახლოეს ხანში ხელს მოაწერს, - წერია ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვებსაიტზე.

ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტული ტრანსპორტის და მოქალაქეების დიდ ნაკადს, რომლებიც ცდილობენ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებთათვის დაიშვება - ისინი თავისუფლად შეძლებენ რეგიონში ჩასვლას.

გარდა ამისა, მენიაილომ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ჩრდილოეთ ოსეთში შემოიღებენ გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმს. ამასთან, საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, იგეგმება გათბობისა და კვების დროებითი პუნქტების ორგანიზება.

რეგიონის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ზემო ლარსთან გაწვევის უწყებებს ურიგებენ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებს.

კანონპროექტი რუსეთთან "მიერთების შესახებ"

28 სექტემბერს, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული "რეფერენდუმის" დასრულების დღესვე, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევა წინასწარ მომზადებული კანონპროექტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან „მიერთების შესახებ“.

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის რეგიონების - ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ინტეგრაციას.

ნიშანდობლივია, რომ 2014 წელს პუტინმა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა ორ დღეში მას შემდეგ, რაც კრემლის სცენარით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე უკანონო რეფერენდუმი ჩატარდა.

რას იზამს კრემლი უკრაინის ტერიტორიების მორიგი ანექსიის შემდეგ? - კობა ლიკლიკაძის სტატიაში წაიკითხავთ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი შს- მინისტრის გადადგომას ითხოვს

აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ თავისი გატაცების საქმეზე პარლამენტსა და პრემიერს მიმართავს წერილობით. იგი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაყენებას მოითხოვს.

აფგან მუხთარლის უფლებადამცველმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ მუხთარლიმ საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მის საქმეზე ინფორმაცია გაავრცელა. ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თანახმად, გოგაშვილმა საქმეში ფიგურანტად დაასახელა როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე ვახტანგ გომელაური, ასევე დავალების შემსრულებელი "კუპრაშვილი".

ადვოკატის თქმით, მუხთარლის სურს, დაეხმაროს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში.

ვრცლად ამ თემაზე ახალი ამბების სექციაში წაიკითხავთ

პოლონეთმა, დანიამ და ნორვეგიამ ბალტიის ზღვის ქვეშ ახალი გაზსადენი გახსნეს

ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ბუნებრივი გაზის მთავარი მიმწოდებელი აქამდე რუსეთი იყო. "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის გაზსადენით გერმანიაში აირის მიწოდება ნულამდე შემცირდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. აღმოჩენილ იქნა გაჟონვის მრავალი შემთხვევა "ჩრდილოეთის ნაკად 1"-სა და "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ში.

ენერგეტიკული სუვერენიტეტისა და თავისუფლების ახალი ეპოქა იწყება, განაცხადა მათეუშ მორავიეცკიმ. სოლიდარობას შეუძლია კონტინენტი უფრო უსაფრთხო გახადოს, დასძინა მან. "ეს დღე ჩვენთვის, ყველასთვის, გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ნაბიჯის აღმნიშვნელია", - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა.

მომავალში, ნორვეგიული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდება აღმოსავლეთით, ბალტიის მილსადენის გავლით. ეს მილსადენი უკავშირდება უკვე არსებულ მილსადენს დანიის დასავლეთით ჩრდილოეთის ზღვაში, შემდეგ დანიის ტერიტორიაზე გადის და ბალტიის ზღვის გავლით - პოლონეთს აღწევს.

ვრცლად ამ თემაზე

როგორ ყიდულობენ რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას საქართველოში?

50 წლის ნატალია, „ინსტაგრამში“, პერსონალურ ბლოგს აწარმოებს და გამომწერებს თითქმის ყოველდღე უყვება საქართველოში გადმოსვლის, სახლის შეძენის, რემონტისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობის შესახებ - მაგალითად, როგორ ბერტყავენ კაკალს, რომ ძროხისა და ღორის მოვლის თავი არ აქვს, სამაგიეროდ, ფრინველი მოაშენა... იძლევა რეკომენდაციებსაც, როგორ და სად შეიძლება სახლის შეძენა ან ქირაობა ხელსაყრელ ფასად.

2022 წლის მაისის მონაცემებით, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბიზნესპრესნიუსს“ მიაწოდა, საქართველოში ჯამში რეგისტრირებული იყო 20 993 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის უძრავი ქონება. მათ შორის 10 411 პირი რეგისტრირებული იყო ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების) მესაკუთრედ.

სად და როგორ ეძებენ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები უძრავ ქონებას? - ნინო თარხნიშვილის სტატიაში წაიკითხავთ

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG