სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს ასახელებენ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კანდიდატების ვინაობასთან დაკავშირებით წყარომ მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელია და ძირითადად, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობს; ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელია, მანამდე ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, ბოლო წლების განმავლობაში ჯანეზაშვილი სასამართლოს საკითხებზე მუშაობს. გიორგი ბურჯანაძე, მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე ის „ღია საზოგადოების ფონდში" მუშაობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ დაასახელებენ.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს.31 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა და თქვა, რომ ის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა. პარლამენტში მყოფი ოპოზიციური ჯგუფების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებულ კანდიდატებს წარადგენენ.
პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა. საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს ასევე იურისტებმა ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.