Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა


"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულის სასამართლო პროცესი
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულის სასამართლო პროცესი

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი დისტანციურად წარიმართა.

პროკურორმა ბრალის გაცნობისას განაცხადა, რომ ნასამართლობის ცნობის მიხედვით, გრიგოლ ნარსია ორჯერ დააკავეს თურქეთში 2015 და 2016 წლებში, ერთხელ ძარცვის მცდელობის და მეორედ ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით.

გრიგოლ ნარსიამ პროცესზე მოკლედ თქვა, რომ დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ტერორისტული აქტი მიზნად არ ჰქონია. იგი ბრალდების ამ ნაწილს არ ეთანხმება.

ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შესთავაზა, გრიგოლ ნარსიას საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფით, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

ადვოკატებმა ასევე ისაუბრეს იმაზეც, რომ გრიგოლ ნარსიამ დაკავების დროს სახეზე დაზიანებები მიიღო და მოითხოვეს, ეს ფაქტი სასამართლოს სხდომის ოქმშიც ასახულიყო. ამაზე მოსამართლემ უპასუხა, რომ შესაბამის ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიაწვდიან ინფორმაციას ამ ფაქტზე და ისინი გამოიკვლევენ, როგორ და რა გარემოებაში მოხდა დაზიანებები.

მუხლები, რომლებითაც ბრალდებულს ედავებიან, სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრიგოლ ნარსიას ბრალად ედება ტერორისტული აქტი, ტერორისტული მიზნით მძევლების ხელში ჩაგდება, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს თითქმის 10-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. იგი თავდაპირველად 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა. ის სამართალდამცავებსა და მედიასთან მძევლების დახმარებით ურთიერთობდა.

XS
SM
MD
LG