Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 სექტემბერს


ნაწილობრივი მობილიზაცია და პროტესტი რუსეთში

რუსეთის არაერთ ქალაქში გუშინ საღამოს მოქალაქეები გამოვიდნენ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გასაპროტესტებლად, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა. სულ 37 ქალაქში 1000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს საპროტესტო აქციაზე.

„ჩვენი სამშობლოსა და მისი მთლიანობის დასაცავად, საჭიროდ მიმაჩნია ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერა“, განაცხადა პუტინმა რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს. მისი თქმით, ამჯერად 300 ათასი რეზერვისტი ჩაერთვება ომში, რაც მათი სამობილიზაციო რესურსის მხოლოდ 1.1%-ია.

როგორც ჩანს, ამ 1.1%-ში არ იქნებიან მაღალჩინოსნების შვილები. პუტინის განცხადების შემდეგ რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის შვილს, ნიკოლაი პესკოვს პირდაპირ ეთერში დაურეკეს, ვითომ სამხედრო კომისარიატიდან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ვაჟმა მისვლაზე უარი განაცხადა.

თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ იცით, რომ მე ვარ ბატონი პესკოვი, რამდენად სწორი იქნება ჩემი იქ ყოფნა... მოკლედ, ამას მე სხვა დონეზე გადავწყვეტ“, - თქვა პესკოვის შვილმა. ნიკოლაიმ დასძინა: ხვალ რომ წამიყვანონ - დამიჯერეთ, ეს არც თქვენ გჭირდებათ და არც მე. სამშობლოს დაცვის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე უნდა მესმოდეს იქ გამოჩენის მიზანშეწონილობა, გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებს ვგულისხმობ“.

პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის გამო მოქალაქეების ნაწილმა რუსეთის დატოვება დაიწყო. ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ორივე მხრიდან საავტომობილო რიგები გაჩნდა გუშინ საღამოს. ვიდეო ადგილიდან რადიო თავისუფლებას თვითმხილველმა მიაწოდა.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ირანში ქალის სიკვდილით გამოწვეულ აქციებზე დაიღუპნენ დემონსტრანტები და პოლიციის წარმომადგენელი

ირანში ოთხი პოლიციელი დაშავდა და "პოლიციის თანაშემწე" დაიღუპა იმ აქციებზე მომხდარი არეულობების შედეგად, რომლებიც მოჰყვა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავების შემდეგ.

ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ იქ სამი დემონსტრანტი დაიღუპა, ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფი ამბობს, რომ სხვა ადგილას მიმდინარე აქციას დემონსტრანტი ემსხვერპლა.

საპროტესტო აქციებზე გამოდიან ლოზუნგებით "სიკვდილი დიქტატორს!" და "ხამენეი დაემხობა!"

ირანის მორალის პოლიციამ ამინი 13 სექტემბერს დააპატიმრა თეირანში, სადაც ქალი ქვეყნის დასავლეთით მდებარე, ქურთებით დასახლებული რეგიონიდან იყო ჩასული. ამინი პოლიციის განყოფილებაში კოლაფსში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში

დღეს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ის გუშინ დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლას. ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში თავისი ომით "უსირცხვილოდ დაარღვია" გაეროს ქარტიის მთავარი პრინციპები, და მსოფლიოს გარშემო ქვეყნებს მოუწოდა, მტკიცედ იდგნენ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მკაცრად დაგმობისას, ბაიდენმა "სისხლისგამყინავი" უწოდა ცნობებს რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

ბაიდენის თქმით, ევროპის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახალი ბირთვული მუქარა აჩვენებს "თავზეხელაღებულ უგულებელყოფას" პასუხისმგებლობებისა, რომლებიც რუსეთს ეკისრება, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

პარლამენტში კულტურის მინისტრი მიდის

დღეს, 22 სექტემბერს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. მინისტრი ჯერ მოხსენებით გამოვა, შემდეგ კი მასთან კითხვა-პასუხი და დებატები გაიმართება.

ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების გათავისუფლება, გელათის მონასტრის რესტავრაცია - ეს ის საკითხებია, რაზეც სავარაუდოდ მინისტრს ოპოზიცია კითხვებით მიმართავს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

„რეფერენდუმში“ მონაწილეობა შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასრულდეს - ვერეშჩუკი

უკრაინაში მოქალაქეებს შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დანიშნულ „რეფერენდუმებში“ მონაწილეობისთვის. ამის შესახებ გამოცემა „სტრანას“ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განუცხადა.

უკრაინის კანონმდებლობით, ომის დროს ქვეყნის ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარება აკრძალულია. ვერეშჩუკის მიხედვით, „რეფერენდუმის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 5-დან 10 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ, ქონების კონფისკაციით.

იურისტთა განმარტებით, „რეფერენდუმში“ მონაწილეობისთვის უკრაინის მოქალაქეები შესაძლოა, გასამართლდნენ „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფის“ მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

წაიკითხე მეტი.

ტაჯიკეთი აცხადებს, რომ ყირგიზეთი საზღვართან ახლოს მალავს სამხედრო აღჭურვილობას

ტაჯიკეთი ყირგიზეთს ადანაშაულებს ორი ქვეყნის საზღვრის სადავო მონაკვეთთან სამხედრო აღჭურვილობის დატოვებაში, მას შემდეგ, რაც წინა კვირაში იქ სისხლიანი შეტაკებები იყო - თუმცა ყირგიზეთის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საზღვარზე ვითარება მშვიდია.

21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ "ყირგიზეთის მხარე ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას კონტაქტის ხაზიდან სამხედროების და მძიმე ტექნიკის გაყვანაზე და მათ მალავს ლეილეკის და ჩონ-ალაის სასაზღვრო დასახლებებში, ყირგიზეთის ბატკენის პროვინციაში". ტაჯიკეთი ყირგიზეთს ასევე ბრალს სდებს ტაჯიკეთის საჰაერო სივრცის დრონებით "ბევრჯერ" დარღვევაში.

თავის მხრივ, ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი 21 სექტემბერს ავრცელებს განცხადებას, რომ საზღვართან ვითარება მშვიდია და შესაბამისობაშია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან.

წაიკითხე მეტი.

აღმოჩენილია 2 ანტისხეული, რომლებიც კოვიდ-19-ის ყველა შტამს ანეიტრალებს

ისრაელში 2 ანტისხეული აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის აქამდე ცნობილ ყველა შტამს 95%-იანი ეფექტიანობით ანეიტრალებს. თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი მიგნების შედეგად, კორონავირუსის ვაქცინები, მათ შორის ომიკრონის ქვევარიანტებზე მორგებული ახალი ბუსტერებიც, შესაძლოა ცოტა ხანში საერთოდ აღარ იყოს საჭირო.

ექიმ ნატალია ფრეუნდის ხელმძღვანელობით მომუშავე საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფი აცხადებს, რომ მათ მიერ იზოლირებული ანტისხეულები აბრევიაციით TAU-1109 და TAU-2310, ძალზე ეფექტიანია როგორც დელტა, ისე ომიკრონის ვარიანტების განეიტრალებაში. კერძოდ, TAU-1109 დელტა ვარიანტს 90%-ით ანეიტრალებს, ომიკრონს კი 92%-ით. TAU-2310 ომიკრონთან 84%-ით ეფექტიანია, დელტასთან - 97%-ით.

გაიგე მეტი.

ნაწილობრივი მობილიზაცია სრული კატასტროფის ასაცილებლად?

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის თავზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. მობილიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა „რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის“ ნაჩქარევი დანიშვნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ნაუცბადევი შეტანა. რუსეთში მობილიზაციისათვის თავის არიდება პატიმრობით ისჯება.

ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, გაწვევას დაექვემდებარებიან მხოლოდ რეზერვისტები და ჯარში ნამსახურები მოქალაქეები. ფრონტზე გაგზავნამდე ისინი დამატებით გაივლიან წვრთნას. პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროსაც თქვა, რომ მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული მოქალაქეები მიიღებენ კონტრაქტორების სტატუსს, ანაზღაურებასა და სოციალურ გარანტიებს.

სამობილიზაციო ღონისძიებები 21 სექტემბერს, ბრძანების გამოცემისთანავე დაიწყო.

ვლადიმირ პუტინის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომლის თქმითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 100 ათას ადამიანს აღემატება: 61 ათასი დაღუპული და 49 ათასი დაჭრილი.

რას ცდილობს პუტინი მობილიზაციის გამოცხადებით და რა კავშირი აქვს ამ გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ რეფერენდუმთან? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

„არანაირ კმაყოფილებას არ ვგრძნობ იმის გამო, რომ მართალი ვიყავი. პირიქით, ეს მწარე გრძნობაა, ნიშნისმოგება შვებისმომგვრელი რამ არაა, როცა იცი, რომ თავის დროზე უნდა დაეჯერებინათ შენთვის, მაგრამ არ სურდათ ამის გაკეთება. ამაში შვებას ვერ იპოვი. და თანაც, რეალობა ყოველდღე იცვლება. დღესაც არ ვაკეთებთ გასაკეთებელს“. ინტერვიუ გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ხელმძღვანელთან შტეფან მაისტერთან.

XS
SM
MD
LG