Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ბანკზე თავდამსხმელი დაცვის პოლიციის თანამშრომელი? - მინისტრის მოადგილემ შეკითხვას უპასუხა


შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, რომელიც ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან იმყოფებოდა, მედიასთან კომენტარი გააკეთა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების საკითხზე.

შეკითხვაზე, არის თუ არა დაკავებული შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი, დარახველიძე პასუხობს: „არ არის ის მოქმედი თანამშრომელი“. მინისტრის მოადგილემ არ დააზუსტა, არის თუ არა ის დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. „ამის შესახებ შემდგომში გავრცელდება ინფორმაცია“, - თქვა მან.

რაც შეეხება პოლიციის მუშაობას, დარახველიძემ განაცხადა: „ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და თავს კარგად გრძნობენ. თავდამსხმელი არის დაკავებული. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს ეს ღონისძიება“.

მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეძლეს, „ის ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, შეებორკათ და არ მოეყვანა მას მოქმედებაში“.

როგორც დარახველიძე ამბობს, თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება - დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კაცი, რომელიც ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, გრიგოლ ნარსიაა. შსს ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებული არის 1985 წელს დაბადებული გ.ნ.

გამოძიების თანახმად, შეიარაღებული გ.ნ. ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, 14 პირი მძევლად აიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის" შენობაში დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა. ის თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისათვის ცნობილი იყო მისი "საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში.

თავდამსხმელის "საქართველო ბანკში" შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი მძევლის ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმოდა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, კაცი 2 მილიონ ამერიკულ დოლარსა და ვერტმფრენს მოითხოვდა.

XS
SM
MD
LG