Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს თანამშრომელს ლუგანსკის სეპარატისტულმა სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა მისია აღმოსავლეთ უკრაინაში
ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა მისია აღმოსავლეთ უკრაინაში

პრორუსული ლუგანსკის უმაღლესმა სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა ეუთოს(ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მისიის თანამშრომელ დმიტრი შაბანოვს, რომელსაც სახელმწიფო ღალატსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ მუშაობაში ედება ბრალი.

სასამართლოს განაჩენის შესახებ ცნობა ლუგანსკელი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფმა საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

ეუთოს მისიის თანამშრომელი დმიტრი შაბანოვი უკრაინის მოქალაქეა. თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, სეპარატისტებმა ეუთოს მისიის სულ მცირე ექვსი თანამშრომელი დააკავეს. მათგან სამი, მათ შორის შაბანოვი, ლუგანსკის სეპარატისტულ ხელისუფლებას პატიმრობაში ჰყავს.

ივლისში შაბანოვი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით უჩვენეს. ახალი ამბების გამოშვებაში ამტკიცებდნენ, რომ მან აღიარებითი ჩვენება მისცა.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ივლისში განაცხადა, რომ შაბანოვისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო და შეთითხნილი იყო. ივნისში გამოცემა Politico-სთან კომენტარში ეუთოს წარმომადგენელმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი და სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის "ხელისუფლებების" სათავეში მყოფი ხალხი პატივს არ სცემს საერთაშორისო მისიის თანამშრომლების ხელშეუხებლობას. შაბანოვის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ეუთოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG