Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ალან ალბოროვი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ სპიკერი

ალან ალბოროვი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ სპიკერი


ალან ალბოროვი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ ახალი თავმჯდომარე
ალან ალბოროვი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ ახალი თავმჯდომარე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ ახალი სპიკერი ცხინვალის ყოფილი „მერი“ ალან ალბოროვი გახდა. ის „პრეზიდენტის“, ალან გაგლოევის პარტიის, „ნიხასის“ წარმომადგენელია.

„პარლამენტის“ თავმჯდომარის პოსტზე პარტია „ედინაია ოსეტიას“ (ერთიანი ოსეთი) წარმომადგენლის, აცამაზ ბიბილოვის კანდიდატურაც იყო წარდგენილი. ფარული კენჭისყრის შედეგების თანახმად, ალბოროვს ხმა 21 „დეპუტატმა“ მისცა, ბიბილოვს კი - 12-მა.

მანამდე „პარლამენტმა“ საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე „სპიკერს“, ალან ტადტაევს უფლებამოსილება შეუწყვიტა. მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ „პარლამენტი“ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებდა მუშაობას. მისი თქმით, ჯერჯერობით ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა სათანადო დონეზე არ მიმდინარეობს.

„რამდენიმე წლის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდი მოლაპარაკებას ყველა ფრაქციის დეპუტატებთან, წავედი დათმობებზე, რათა პარლამენტს ნორმალურად დაეწყო მუშაობა, მაგრამ ამაოდ. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ვტოვებ იმ იმედით, რომ დეპუტატები დაიწყებენ მუშაობას იმ ხალხისთვის, ვინც ისინი აირჩია. ვემსახურები სამშობლოს!“ - განაცხადა ტადტაევმა.

სააგენტო „Рес“- ი იტყობინებოდა, რომ ტადტაევი მუშობას ე.წ პარლამენტში რიგითი დეპუტატის რანგში განაგრძობს. ალან ტადტაევი პარტია „ედინაია ოსეტიას“ (ერთიანი ოსეთი) წარმოადგენს, ის ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს 2019 წლიდან თავმჯდომარეობდა, არის ყოფილი „პრეზიდენტის“, ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერი.

XS
SM
MD
LG