Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგაშვილი ქართულ-რუსული სპეცსამსახურების გარიგებებზე წერს - ხელისუფლება ამას აბსურდს უწოდებს


სოსო გოგაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე
სოსო გოგაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი "ფეისბუკის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ირწმუნება, რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.

გოგაშვილის თანახმად, „არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში“ ჩართულია სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო. „ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა“.

თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ გოგაშვილს მოჰყავს „დაახლოებით 2017 წლის“ ამბავი. მისი განცხადებით, „უცხოელი პარტნიორებისგან მიიღეს“ ინფორმაცია რუსეთიდან ფოთში ორი ტანკერის შესვლის შესახებ, რომლისთვისაც საბუთები უნდა შეეცვალათ.

გოგაშვილი წერილში ახსენებს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და ამბობს, რომ იმ პერიოდში გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, სწორედ მას მიმართა გოგაშვილმა და ერთობლივი ძალისხმევით ტანკერი უკან გააბრუნეს.

„სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში. კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი, მოწოდებული ინფორმაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით (რეზინ ექსჩეინჯი) და იგზავნებოდა ირანში. ჩვენ იძულებული ვიყავით ეს ტვირთები გაგვებრუნებინა უკან, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ტანკერებთან დაკავშირებით მიმოწერა მქონდა გიორგი გახარიასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო ეკონომიკის მინისტრი და ჩვენ ერთად მოვახდინეთ მათი უკან დაბრუნება. ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში“, - წერს სოსო გოგაშვილი.

ის ამავე წერილში კიდევ ერთხელ განმარტავს, როგორ „დალაგდა რუსულ და ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სქემა“. მათ შორის "ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრებს შორის".

ამ თემაზე "ტვ პირველმა" 10 სექტემბერს ჟურნალისტური გამოძიება უჩვენა. გოგაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაში „წყვეტა იყო და საჭირო იყო ურთიერთობების განახლება“, რის გამოც 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა ვლადიკავკაზში "ეფესბეს" საიდუმლო ბაზაზე.

იმავეს ჰყვებოდა "ტვ პირველის" რესპონდენტი, სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ალექსანდრე სამხარაძე. აღსანიშნავია, რომ გოგაშვილის დაკავების შემდეგ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა/შენახვისთვის წარდგენილ ბრალზე მას 3-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

„მე თან მახლდა ჩემი მძღოლი, ასევე სოსო ჭელიძე და ირაკლი ჩიმაკაძე. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით. ბაზაზე დამხვდა ეფ ეს ბეს გენერალი, სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე, შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა (ბორტნიკოვი და გომელაური). შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის“, - წერს გოგაშვილი.

მისი მონათხრობით, ამ შეხვედრის შემდეგ დაინიშნა „უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათს“.

„მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით აირზენას მოვამზადებინე თვითმფრინავი - ბოინგ 737 ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამოდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში, ამ რეისს ვაკონტროლებდი ,,flight radar’’-ის აპლიკაციით. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მოკავშირე ოფიცრები ჩიმაკაძე და ჭელიძე რამდენჯერმე მინსკის გავლით იმყოფებოდნენ მოსკოვში, მეორე მხრიდან ოფიცრების სახელი იყო სლავა და ვადიმი. ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩვენ ვმასპინძლობდით ორ ეფ ეს ბეს გენერალს, სედოვს და ბესედას. მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე ვახტანგ გომელაურის კუთვნილ რესტორანში. მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან. საუბარი შედგა ძირითადად წარმატებულ ურთიერთობებზე, შემდეგ გავემგზავრეთ და დავათვალიერებინეთ მეტეხის ტაძარი. გასაცილებელი სუფრა მომზადდა მთაწმინდის ანდერვილში. იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი“, - წერს გოგაშვილი.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის გამოძიებაში გოგაშვილის მიერ ხსენებული ავიაკომპანია „აირზენას“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი განმარტავს, რომ შეუძლებელია ახსოვდეს 2017 წელს ვლადიკავკაზის მიმართულებით ჩარტერული რეისის შესახებ ინფორმაცია.

გოგაშვილის თანახმად, ეს სისტემა კვლავ მოქმედია და „უსაფრთხოდ მუშაობს დღემდე“.

„როდესაც არის გასატარებელი რაიმე ტვირთი, მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე. დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა, ახლა კოორდინაციაში არის სუსის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს კავშირს“, - წერს გოგაშვილი.

12 სექტემბერს, ამ წერილის შემდეგ, სოსო გოგაშვილმა კიდევ ერთ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის "ამ დავალების შემდეგ" გადაწყვიტა "მოეგროვებინა მტკიცებულებები ამ ბინძური, მოღალატე ხელისუფლების შესახებ", რომლის ნაწილიც თავადაც იყო. გოგაშვილის წერს, რომ საქართველოს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის მის მიერ დასახელებულ ეპიზოდზე კონკრეტული მტკიცებულებები აქვს.

"რაც შეეხება ვლადიკავკაზში გადაფრენას აირზენას ჩარტერით, ჩვენ ამ ფრენის შემდეგ მოსმენაზე დავსვით ორივე პილოტი, რადგან გადაგვეზღვია ინფორმაციის გაჟონვა და რამდენიმე თვე ვაკონტროლებდით", - წერს გოგაშვილი.

ამჟამად პატიმრობაში მყოფი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებაზე რეაგირებისთვის პარტია "ლელო" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რასაც 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ოფიციალური უწყებები გოგაშვილის წერილს არ ეხმაურებიან.

პარტია "ქართულ ოცნებაში" გოგაშვილის განცხადებებს ტყუილს უწოდებენ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „რეალურად ეს არის მიმართული კონკრეტული ადამიანის, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დისკრედიტაციისთვის".

"ადამიანი, რომელიც არის ძალიან გულწრფელი და პატრიოტი ადამიანი, მისი და ქართული პოლიციის იმიჯის შერყევისთვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „ოპოზიციური რადიკალური ჯგუფებისთვის რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგის შემზადებაა ის, რომ, თითქოს, რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს“.

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თანახმად, სოსო გოგაშვილის განცხადებები „ძალიან დიდი აბსურდი და სრული სისულელეა“. კალაძის განმარტებით, ამ ინფორმაციის მტკიცებულებები არ არსებობს.

"ქართული ოცნების" ამგვარი დამოკიდებულების გამო, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, წარმომადგენლები აპირებენ, "ლელოს" ინიციატივით მოთხოვნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. როგორც პარტიის წევრი ანა ბუჩუკური ეუბნება რადიო თავისუფლებას, აუცილებელია ამგვარ ინფორმაციაზე საზოგადოებას ობიექტური სურათი ჰქონდეს.

თავად გიორგი გახარია ამ დრომდე არ გამოხმაურებია სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებაში ნახსენებ მოვლენასთან მის კავშირს.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.

XS
SM
MD
LG