საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეხმაურება „ლელოს“ ინიციატივასა და „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს უმასპინძლა თბილისში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამოსაძიებლად კი „ლელომ" საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „ოპოზიციური რადიკალური ჯგუფებისთვის რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგის შემზადებაა ის, რომ, თითქოს, რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს“.
მისი თქმით, გართულდება პარლამენტში "ასეთ თითიდან გამოწოვილ საკითხზე“ მსჯელობების გამართვა:
„დღეს რა დღის წესრიგი აქვთ [ოპოზიციას რ.თ.] - არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფებში, მიზანმიმართულად აკეთებენ დეზინფორმაციულ განცხადებებს და პრაქტიკულად, დღის წესრიგი არ გააჩნიათ. ამიტომ ეს არის გასაგები და ნაცადი ხერხი, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგი უნდა შეუმზადდეთ, ეს ნიადაგის შემზადებაა ზუსტად ის, რომ, თითქოს, რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს. ეს არის ერთიანი პროცესი, რომ რადიკალიზაცია მოხდეს, ეს არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე გართულდება ასეთ თითიდან გამოწოვილ საკითხზე მსჯელობები გამართო, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა მოვისმინოთ, რას დაწერენ, რას შემოგვთავაზებენ. ამასთან, ოპოზიცია თვითონაც უნდა ჩამოყალიბდეს, რა დღის წესრიგით მიდიან. შესაძლებელია რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი მისაღები არ იყოს იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომლებიც საქმიანად მუშაობენ 12-პუნქტიან გეგმაზე, ვნახოთ, რა გამოიკვეთება და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ".
12 სექტემბერს პარტია „ლელო“ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
ინიციატივას საფუძვლად უდევს 10 სექტემბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიება.
„ტვ პირველის“ გამოძიების თანახმად, რომელიც ჟურნალისტებისთვის სუსის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ფარულად ჩავიდა რუსეთის ტერიტორიაზე შეხვედრაზე და შემდგომ უმასპინძლა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს თბილისში. თანამშრომლობის მიზანს, მოწმეთა ინფორმაციით, წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ტვირთების გატარება, რუსეთის დაკვეთით, კონკრეტული რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათი ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა, რუსეთის მმართველი რეჟიმისათვის არასასურველი პირების საქმიანობაზე კონტროლი და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობა.