Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელო“ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირებზე გამოძიებას ითხოვს


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელო" ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პარტიის წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ლელო" 12 სექტემბერს დაიწყებს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რათა პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ინიციატივას საფუძვლად უდევს 10 სექტემბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სისტემატურად თანამშრომლობენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან:

„ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნული თანამშრომლობის მიზნები, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. კერძოდ, იკვეთება თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი რამდენიმე სავარაუდო დანაშაული, როგორიცაა ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და სხვა“.

„ტვ პირველის“ გამოძიების თანახმად, რომელიც ჟურნალისტებისთვის სუსის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ფარულად ჩავიდა რუსეთის ტერიტორიაზე შეხვედრაზე და შემდგომ უმასპინძლა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს თბილისში. თანამშრომლობის მიზანს, მოწმეთა ინფორმაციით, წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ტვირთების გატარება, რუსეთის დაკვეთით, კონკრეტული რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათი ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა, რუსეთის მმართველი რეჟიმისათვის არასასურველი პირების საქმიანობაზე კონტროლი და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობა.

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილი ფაქტების დაუყოვნებელი გამოძიება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა:

„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების საფუძველია, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, ნაკლებსავარაუდოა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში ობიექტურობის მოლოდინი კი, ფუჭია", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG