7 სექტემბრის სხდომაზე პარლამენტმა, 88-ხმით, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა რეგლამენტში ცვლილებებს, რომლითაც ომბუდსმენს ახალი წესით წარადგენენ და აირჩევენ.
ახალი პროცედურა დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გააცნო. სარჯველაძე ამ წესს შემდეგნაირად განმარტავს:
- გამოცხადდება ერთიანი პროცესი, რა დროსაც ყველა დაინტერესებული წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას;
- კანდიდატებს, მათ შორის, წარმოადგენენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები;
- მათ შეაფასებენ სამართლებრივად გაწერილი საერთო კრიტერიუმებით;
- "ქართული ოცნების" შეთავაზებაა, რომ 7 კანდიდატი წარდგეს პარლამენტის წინაშე".
"ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას, გარდა ერთი შემთხვევისა, თუკი ამ პროცესს ოპოზიცია გაემიჯნება.
როგორ იცვლება კანონი?
ცვლილების დამტკიცების შემდეგ, რეგლამენტს დაემატება გარდამავალი დებულება [2283-ე მუხლი], რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება "შეფასების 9-კაციანი ჯგუფი".
სარჯველაძის თქმით, მის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
კანონპროექტში წერია, რომ ეს ჯგუფი კანდიდატებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებით შეაფასებს.
დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ იკითხა, რა პრინციპით შეარჩევენ შეფასების ჯგუფის 9 წევრს, რაზეც მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ, ცალსახად ვერ უპასუხა და თქვა, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ კონსულტაციებისა და მსჯელობის საგანია.
ამასთან, "ქართულ ოცნებას' წინასწარ აქვს გაცხადებული, რომ ჯგუფში ვერ მოხვდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელსაც მუშაობის საშუალებას არც სხვა ჯგუფებში აძლევენ.
"როდესაც ოპოზიცია ამ კითხვას სვამს, სვამს ხელისუფლებისგან მართული ჯგუფი ხომ არ იქნებაო და ოპოზიციისგან მართულებთან დაკავშირებითაც უნდა დასვათ კითხვები. მთავარი კრიტერიუმი იქნება, რომ ეს უნდა იყოს მიუკერძოებელი პროფესიონალების ჯგუფი, რომლებიც შექმნიან რეალურ შეფასებას, რათა არ მოგვიწიოს დიდხანს კამათი", - აღნიშნა სარჯველაძემ.
მანვე უპასუხა "გირჩის დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის კითხვასაც, იმის თაობაზე ექნება თუ არა 9-კაციანს ჯგუფს ვინმეს "დაბლოკვის" უფლებამოსილება.სარჯველაძის თქმით, "არავითარი "შორთლისტის" გაკეთების შესაძლებლობა ამ შეფასების ჯგუფს არ ექნება".
"ის [ჯგუფი] მხოლოდ დადებს შეფასებას, წარადგენს შეხედულებას, მოსაზრებას, დახასიათებას კანდიდატების თაობაზე, მაგრამ ამის იქით მას არ ექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა", - განმარტა სარჯველაძემ
სახალხო დამცველის არჩევა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ბოლო, მე-12 პუნქტია.
„უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; უზრუნველყოფილი უნდა იყოს (ომბუდსმენის) ოფისის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“, - წერია 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.