Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს IAEA-სგან "დამატებითი განმარტება" სურს ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოსკოვი "დამატებით განმარტებას" ითხოვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან (IAEA), მას შემდეგ, რაც გაეროს ბირთვულმა უწყებამ ანგარიში გამოაქვეყნა უკრაინის ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი ვითარების შესახებ.

"არის მეტი განმარტების საჭიროება, რადგან ანგარიში შეიცავს რამდენიმე საკითხს - რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი - მაგრამ ჩვენ ეს განმარტებები მოვითხოვეთ IAEA-ის გენერალური დირექტორისგან" - უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სააგენტო ინტერფაქსს 7 სექტემბერს, აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისას.

მას შემდეგ, რაც ზაპოროჟიეში - ევროპის უდიდეს ბირთვულ სადგურზე - IAEA-ის მისია იმყოფებოდა, სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერს, რომ სადგურზე ამჟამად არსებული ვითარების შენარჩუნება შეუძლებელია, და რომ არსებობს "შუალედური ზომების სასწრაფო საჭიროება", საიმისოდ, რომ არ მოხდეს ბირთვული კატასტროფა.

ანგარიში რუსეთს და უკრაინას მოუწოდებს სადგურის გარშემო შექმნან "ბირთვული უსაფრთხოების და დაცვის ზონა" და ამბობს, რომ სადგურზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სროლა, რათა სადგურს კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს.

პარალელურად, 7 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ დასავლეთი დაადანაშაულა ზეწოლაში IAEA-ის მისიაზე, რომელიც სადგურზე გასულ კვირაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მისიამ სადგური დატოვა, ადგილზე დარჩა მისი ორი თანამშრომელი, ვითარებაზე დასაკვირვებლად.

სადგურზე კონტროლი რუსეთის ძალებმა მარტში დაამყარეს, თუმცა ის კვლავ დაკავშირებულია უკრაინის ელექტროსისტემასთან და მას უკრაინელი თანამშრომლები ამუშავებენ. უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ არეალში თავდასხმების მოწყობაში.

რია ნოვოსტი ავრცელებს ზახაროვას განცხადებებს, რომ რუსეთმა მისიას სრული მონაცემი მიაწოდა სროლის წყაროზე და აინტერესებს რატომა არ დაასახელა მისიამ უკრაინა სადგურზე თავდასხმების წყაროდ თავის ანგარიშში.

XS
SM
MD
LG