Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ დაასახელა რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი


ევროკომისიამ დაადასტურა გადაწყვეტილება, 12 სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე. როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი წინადადებას მიმდინარე კვირაში მოიწონებს, განაცხადა ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონმა.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო მოსაკრებელი შეიძლება 85 ევრომდე გაიზარდოს, მათი გაცემის ვადები შესაძლოა 45 დღემდე გაგრძელდეს, განაცხადის შესატანად მეტი დოკუმენტი გახდება საჭირო, მრავალჯერადი ვიზების რაოდენობა კი შეიძლება შეიზღუდოს, იტყობინება AFP.

„რუსეთთან უკვე აღარ შეიძლება საქმის ჩვეულებრივად წარმოება. გამოვდივართ წინადადებით, მთლიანად შეწყდეს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება და არ იქნეს აღიარებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები. სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა,“ დაწერა ტვიტერში ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, შემოწმდეს, ხომ არ ემუქრებიან ვიზებზე განაცხადების შემომტანები ევროკავშირის უსაფრთხოებას და საერთაშორისო ურთიერთობებს. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის მრავალჯერადი ვიზა აქვთ, მისი ვადის გასვლამდე შეეძლებათ ევროკავშირში შესვლა.

რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესახებ მოქმედი შეთანხმების შესახებ 31 აგვისტოს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები დამატებით შეზღუდვებს დაუწესებენ რუსეთის მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ შენგენის ვიზები ექნებათ. ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა ადრე განაცხადეს, რომ შეიძლება საგრძნობლად შეამცირონ ან საერთოდ აკრძალონ მათ ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეთა შესვლა.

XS
SM
MD
LG