Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტ ტრასი


ლიტ ტრასი (მარჯვნივ) დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-სთან ერთად დედოფლის საზაფხულო რეზიდენციაში. 6 სექტემბერი.
ლიტ ტრასი (მარჯვნივ) დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-სთან ერთად დედოფლის საზაფხულო რეზიდენციაში. 6 სექტემბერი.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტ ტრასი. ის დედოფალმა ელისაბედ II-მ დანიშნა მთავრობის ხელმძღვანელად.

სამშაბათს მან ტრასს დაავალა მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნა. შეხვედრა გაიმართა დედოფლის საზაფხულო რეზიდენციაში - შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში. დღესვე ელისაბედ II-მ მიიღო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის გადადგომა. ტრადიციისამებრ ბრიტანეთის მონარქი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს ბუკინგემის სასახლეში ან უინძორის ციხეში ნიშნავს, მაგრამ ამჯერად ექიმებმა ურჩიეს 96 წლის დედოფალს, არ დატოვოს შოტლანდია.

მოგვიანებით მოსალოდნელია ტრასის პირველი გამოსვლა პრემიერის როლში. ის განცხადებას გააკეთებს მთავრობის ხელმძღვანელის რეზიდენციაში, ლონდონის დაუნინგ სტრიტზე. როგორც ვარაუდობენ, ტრასი სამშაბათსვე დანიშნავს მინისტრებს.

დილით ბორის ჯონსონი, რომელმაც დატოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი, სამშაბათს დაუნინგ სტრიტზე გამოსათხოვარი სიტყვით გამოვიდა. მან ახსენა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკა ვერ შეძლებს ენერგეტიკული კრიზისით ბრიტანელების შანტაჟს ან დაშინებას.

ჯონსონის თქმით, ლიტ ტრასის ხელმძღვანელობით კონსერვატიული მთავრობა ხალხს დაეხმარება, გადაიტანონ კრიზისი და ფასების მკვეთრი ზრდა, თავად ის კი „მხურვალე მხარდაჭერას“ აღმოუჩენს მომავალ პრემიერს.

ლიტ ტრასი მე-15 პრემიერია, რომელიც დედოფალმა ელისაბედ II-მ დანიშნა. ის გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მესამე ქალია, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს.

კონსერვატიული მთავრობის ახალ ლიდერად ტრასი 5 სექტემბერს აირჩიეს. მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს მოსკოვის მიმართ მკაცრ კურსს. ბორის ჯონსონი, რომელიც შეცვალა ტრასმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად პროუკრაინულად განწყობილი ევროპელი ლიდერი იყო.

XS
SM
MD
LG