Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალკინის და მაკარევიჩის კონცერტი პოლიტიკური კონტექსტის გამო გაუქმდა - biletebi.ge


ონლაინ ბილეთების პლატფორმა biletebi.ge ღია წერილით მიმართავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და აცხადებს, რომ სპორტის სასახლემ კონცერტების ორგანიზატორებს უარი უთხრა და "აკრძალა არტისტები მაკარევიჩი და გალკინი".

მათივე განცხადებით, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, რადგან არტისტები მხარს უჭერენ უკრაინას.

"ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს [მაკარევიჩისა და გალკინის გარდა იგულისხმება ვალერი მელაძის კონცერტიც - რ.თ.] რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?

სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას", - წერია biletebi.ge-ს განცხადებაში.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში biletebi.ge-ს თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ ბილეთები მათ საიტზე უკვე თვენახევარია იყიდება და საუბარია ასიათასობით ლარის ზარალზე და ათასობით გაყიდულ ბილეთზე. მაქსიმ გალკინის კონცერტზე ერთი ბილეთის ფასი 50 დარიდან 350 ლარამდე, "მაშინა ვრემენის" კონცერტზე კი 50-დან 150 ლარამდე მერყეობს.

მომღერალ ვალერი მელაძის კონცერტის ბილეთები, რომელსაც პლატფორმა tkt.ge ყიდის, 40-დან 250 ლარამდე ღირს.

biletebi.ge-ს წარმომადგენელის თქმით, ჯერჯერობით, ბილეთების მომხმარებლისთვის დაბრუნების პროცესი არ დაწყებულა, ამაზე მითითებას ორგანიზატორებისგან ელოდებიან, მას შემდეგ, რაც ალტერნატიული საკონცერტო სივრცის პოვნის საკითხი გაირკვევა.

მანამდე რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ჯგუფის „მაშინა ვერემენის“, ასევე შემსრულებლების მაქსიმ გალკინისა და ვალერი მელაძის დაგეგმილი კონცეტრების გაუქმების მიზეზად ორგანიზატორებს დაუსახელეს სპორტის სასახლის ტექნიკური შეუსაბამობა მოთხოვნის პირობებთან და სასწრაფო რემონტი.

რადიო თავისუფლებას ჯგუფის „მაშინა ვერემენის“ პრესმდივმა ანტონ ჩერნინმა წერილობით უპასუხა, რომ ორგანიზატორები ახლა კონცერტის წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში ჩასატარებლად ალტერნატიულ ფართს ეძებენ.

შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისშიც გეგმავდა კონცერტს. მისი კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

ჯგუფ "მაშინა ვრემენის" კონცერტი პროგრამით "საუკეთესო სიმღერები" 24 სექტემბერს, ვალერი მელაძის გალა-კონცერტი კი 23 ნოემბერს იყო დაგეგმილი სპორტის სასახლეში.

XS
SM
MD
LG