Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილის თქმით, პრემიერი უნდა გაემიჯნოს „იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს"


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მიმართა. მის გამოსვლას მედია არ დასწრებია.

პრეზიდენტმა რამდენიმე საკითხზე შეაჩერა ყურადღება, მათ შორის, ერთ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილ ასოცირების საბჭოს სხდომაზე. ზურაბიშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში, იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე დაყენებული 12-პუნქტიანი პირობის საკითხი განეხილა. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ამჯერად ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიემგზავრება.

„ახლა იწყება ძალიან სერიოზული მომენტი. ერთ კვირაში ჩატარდება ასოცირების საბჭო, სადაც, როგორც სჩვევია, პრემიერი არის წარდგენილი და მიწვეული და ეს იქნება პირველი ასეთი შეხვედრა ზაფხულის მერე, რეკომენდაციების მერე. პირველ რიგში უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩემთვის ძალიან უცნაური არის, რომ ხელისუფლებიდან, მთავრობიდან არავინ არ ჩასულა ბრიუსელში იმისთვის, რომ ამ 12 რეკომენდაციაზე, რაღაც პირველადი გასაუბრება ყოფილიყო. შეიძლება, ყველაფერი არ იყოს იმ ფორმით მისაღები, რეალისტური, შეიძლება, რაღაც არის გადასახედი. ჯერჯერობით არის იმ დღეში, რაც იყო ეს რეკომენდაციები ვითომც იყოს რაღაცა ისეთი ფორმით მოწოდებული, რომ ჩვენ ყველაფერი სრულიად... ჩაბეტონებული, ასე ვთქვათ. რაც მე ვიცი, რომ ასე არ არის. ყველაფერზე ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკების ჩატარება. ეს იქნება პირველი საშუალება, რომ რამე მოლაპარაკება შედგეს ევროპელ პარტნიორებთან. ეს მომენტი არ შეიძლება, რომ დაიკარგოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს, ხელისუფლება უნდა გაემიჯნოს ოფიციალურად „ქართული ოცნებიდან" წამოსულ ოთხ დეპუტატს (სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილს და გურამ მაჭარაშვილს].

„აქ ნაბიჯები გადასადგმელი არის ძალიან ნათელი, პრემიერისთვის, მთავრობისა და უმრავლესობისთვის პირველ რიგში და ეს არის როგორი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება - უნდა გაემიჯნოს პრემიერ, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებსა და პარტნიორს, რომ ვითომც მათ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ: არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების მერე არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე და არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ახლა არის მომენტი, როდესაც უნდა გაიფანტოს ტყუილები, ეჭვები, ყველაფერი, რაც საქართველოზე, მის რეპუტაციასა და ნდობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ზურაბიშვილის თქმით, პრემიერს ევალება 12 რეკომენდაციის შესახებ გეგმის წარდგენა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

XS
SM
MD
LG