Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Insider-ი: უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალი შეიძლება რუსეთმა შეიფაროს


ანდრი ნაუმოვი
ანდრი ნაუმოვი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრი ნაუმოვმა, რომელმაც თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე, დატოვა ქვეყანა და სერბეთში იქნა დაკავებული, შესაძლოა რუსეთში მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ. ამის თაობაზე The Insider-ი იტყობინება უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელსა“ და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

The Insider-ის თანახმად, ნაუმოვი, რომელმაც უკრაინა დატოვა დიდძალი თანხითა და ძვირფასეულობით, რამდენიმე თვე გერმანიაში ცხოვრობდა. ივნისის დასაწყისში ის დააკავეს სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვარზე. მასთან ერთად მანქანაში იყო უკრაინელ-გერმანელი მეწარმე ოლექსანდრ აქსტი, რომელიც უკრაინაში კონტრაბანდის თაობაზე ჟურნალისტურ გამოძიებებში ფიგურირებდა. თავად ნაუმოვის თაობაზეც ქვეყნდებოდა მასალები ძვირფასი ქონების შეძენის თაობაზე. ყოფილი გენერალი სერბეთში სასამართლო იზოლატორშია მოთავსებული, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების მუხლებით.

უკრაინაში ნაუმოვის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფოს ღალატის ეჭვის გამო. ის დაკავშირებულია მის შესაძლო როლთან რუსეთის სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებასთან ომის დაწყების პირველივე საათებში. მანამდე მას გენერლის წოდება ჩამოერთვა.

„ობოზრევატელის“ მთავარი რედაქტორი ორესტ სოხარი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რუსეთი მზადაა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭოს ნაუმოვს, თუკი ის ჩვენებას მისცემს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ. კერძოდ, „დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის“ შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით. The Insider-ის თანახმად, ნაუმოვის რუსეთში ექსტრადიციის საკითხი შესაძლოა განიხილებოდა სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდარ ვულინსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს შორის შეხვედრაზე 23 აგვისტოს. ამის თაობაზე ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG