Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას არ გამორიცხავს


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უპასუხა შეკითხვებს, რომელიც პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა. ბრეგაძე არ გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას.

„აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა", - თქვა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთი ექსპერტიზის მიზანი განმარტა. „ჩვენ არავის საპასუხოდ არ ვაპირებთ [ექსპერტიზის ჩატარებას]. ეს არის დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რასაც ატარებს ცენტრი ემპათია. მე ვთქვი, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატარეთ ექსპერტიზა და რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ, როგორც ამ ადამიანის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. ვინ ჩაატარებს, ამის შესახებ თუ იქნება მიღებული ჩვენი მხრიდან, შემდეგ გაიგებთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. ის სწავლობს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

XS
SM
MD
LG