Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვიცით დესტრუქციული ძალების ბუნება" - ღარიბაშვილი არ გამორიცხავს ხანძრებთან დაკავშირებით დივერსიას


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში გახშირებულ ხანძრებზე საუბრისას ამბობს, რომ "არის ვერსიები, გარკვეულ დივერსიაზე". მანვე დაამატა, რომ გამორიცხული არაფერია, "ვიცით რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და დივერსიული მიდრეკილებები".

"ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცხდა... შესაძლოა ეს [ხანძარი] ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შეიძლება, ზოგადად, სიცხის გამო იყო გამოწვეული. არის ვერსიები, რომ იყოს გარკვეული დივერსია, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, ვიცით რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და დივერსიული მიდრეკილებები", - თქვა მან 29 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაურის უწყებამ "ძალიან ეფექტიანად" მართა კრიზისი. მან მადლობა გადაუხადა თურქეთს და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს სახანძრო თვითმფრინავების გამოყოფისთვის:

"როგორც კი საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგას გადასცა ჩვენი თხოვნა, 1 საათში 3 თვითმფრინავი გამოშვებული იყო ჰაერში".

ბორჯომის ხეობაში 1 კვირაზე მეტია ტყის ხანძარს ებრძვიან, თუმცა პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. გუშინ კი ხანძარს უკვე თბილისთან ახლოს შავნაბადას მთაზე, ზემო ავჭალასა და სამგორში ებრძოდნენ.

სამგორსა და ავჭალაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.

დღის ბოლოს ცეცხლი გაჩნდა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზია "გორგიას" საწყობშიც.

შავნაბადას მთაზე, სოფელ თელეთთან კი გუშინ გვიან ღამითაც გაგრძელდა ხანძრის ქრობა. პროცესში ავიაციაც ჩაერთო, რომელიც ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე დღით ადრე თურქეთიდან დაიხმარეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხანძარი რუსთავის გზატკეცილამდე ჩადის.

XS
SM
MD
LG