Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან იუწყებიან დარტყმებზე რუსეთის შტაბებსა და საწყობებზე ნოვა-კახოვკასა და ხერსონში


ფოტოილუსტრაცია: უკრაინის არტილერია მოქმედებაში. 26 აგვისტო 2022 წ.
ფოტოილუსტრაცია: უკრაინის არტილერია მოქმედებაში. 26 აგვისტო 2022 წ.

უკრაინის ქალაქ ნოვაია-კახოვკაში, ქარხანა "სოკოლის" შენობაში, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთის სამხედროებმა შტაბ-ბინა გამართეს, ხანძარი დაიწყო მას მერე, რაც მას რამდენიმე ჭურვი მოხვდა - ამ ცნობას ავრცელებს ბიბისის რუსულენოვანი რედაქცია, ინტერფაქს-უკრაინაზე დაყრდნობით.

რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა, სერგეი ხლანმა დაადასტურა ცნობები უკრაინის დარტყმების შესახებ რუსეთის ძალების შტაბებზე, ქარხანა "სოკოლის" ტერიტორიაზე.

მედიაში ვრცელდება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, რომ ქარხნის თავზე კვამლის სვეტი დგას.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე იუწყებიან რუსეთის შტაბებზე დარტყმებზე ხერსონსა და ნოვაია-კახოვკაში. ამ ცნობებით, სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ძალების მართვის სამ პუნქტზე ხერსონსა და დარიევკაში, და 35-ე არმიის შტაბზე ნოვაია-კახოვკაში. იუწყებიან, რომ დარტყმები განხორციელდა რუსეთის ტყვია-წამლის სათავსოებზე ლიუბიმოვკასა და ხერსონში.

გარდა ამისა, უკრაინის მხარე აცხადებს, რომ აკონტროლებს ხიდს მდინარე ინგულეცზე, რომელიც ერთადერთი გზაა საიმისოდ, რომ რუსეთის ძალებმა იარაღის, ტექნიკის და საწვავის გადატანა შეძლონ ნოვაია-კახოვკადან ხერსონში, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.

საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პირობებში ბიბისი წერს, რომ არ აქვს საშუალება დამოუკიდებლად გადაამოწმოს ეს ცნობები.

XS
SM
MD
LG