Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტმა ბელგრადში გააუქმა ევროპრაიდის ღონისძიება, ორგანიზატორები უკან არ იხევენ


ბელგრადის პრაიდის აღლუმი, 2021 წლის სექტემბერი
ბელგრადის პრაიდის აღლუმი, 2021 წლის სექტემბერი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა გააუქმა საერთაშორისო ღონისძიება, ევროპრაიდი, რომელიც ბელგრადში 12-18 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო - თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ევროპრაიდი მაინც გაიმართება.

27 აგვისტოს ბელგრადში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ვუჩიჩმა აღიარა, რომ სერბეთში საფრთხის ქვეშაა სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებები, თუმცა დასძინა, რომ მთავრობა მოექცა მემარჯვენე ჯგუფების და მართლმადიდებელი ეკლესიის ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, რომლებიც ღონისძიების გაუქმებას მოითხოვენ.

"საქმე ის არაა, არის თუ არა [ეს ზეწოლა] უფრო ძლიერი" - თქვა ვუჩიჩმა და დასძინა: "უბრალოდ, ზოგჯერ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, და საუბარი ამაზეა".

ვუჩიჩმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ღონისძიება შესაძლოა გადაიდოს და მოგვიანებით გაიმართოს.

ევროპრაიდი, რომელიც პანევროპულ დონეზე უწყობს ხელს ლგბტ პირთა უფლებების დაცვას და რომელიც ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება, მოიცავს პრაიდის აღლუმის ღონისძიებასაც.

ევროპრაიდის ლიცენზიის გამცემი, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კრისტინე გარინამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ღონისძიება არ გაუქმდება, ვუჩიჩის განცხადებების მიუხედავად.

ბელგრადის პრაიდის აქტივისტი, მარკო მიჰაილოვიჩი ტვიტერით წერს, რომ ვუჩიჩის გადაწყვეტილება აღლუმი გაუქმდეს არის "ღია დარღვევა კონსტიტუციისა, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელმაც 2011, 2012 და 2013 წლებში პრაიდის აკრძალვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია".

XS
SM
MD
LG