ევროპის ქვეყნები შემოდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ რუსეთისგან დამატებითი გაზის შესყიდვის გარეშე უკვე მზად არიან ზამთრისთვის. გერმანიის გაზის საცავები 80,65%-ით არის შევსებული. ეს საკმარისია ზამთარში გაზით ქვეყნის უზრუნველსაყოფად. დიდი ბრიტანეთი კი საერთოდ აღარ აწარმოებს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტს.
გერმანიის ენერგეტიკული ქსელების სააგენტომ (Bundesnetzagentur) განაცხადა, რომ 24 აგვისტოსთვის გერმანიის გაზის საცავები შევსებულია 80%-ზე ოდნავ მეტით. ენერგეტიკული კომპანიების სურვილია, 1 ოქტომბრისთვის საცავების 85%-მდე შევსება, 1 დეკემბრისთვის კი - 95%-მდე. მაგრამ უკვე არსებული რეზერვებიც საკმარისია ზამთრისთვის. მიუხედავად ამისა, სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს მომავალში გაზის ფასების ზრდის შესახებ და მისი ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდებს მათ.
დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა სტრატეგიულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ქვეყანამ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტი - პირველად მას მერე, რაც 1997 წელს დაიწყეს სტატისტიკის შეგროვება. 2021 წელს დიდ ბრიტანეთში მოხმარებული მთელი გაზის 4,9% და ნავთობის 11% რუსეთიდან იყო იმპორტირებული. დიდმა ბრიტანეთმა რუსული აირი გაზის მომპოვებელი სხვა ქვეყნებიდან იმპორტით ჩაანაცვლა.
დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში საქონლისა და ნედლეულის ექსპორტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ 70%-ით შემცირდა, აქედან ტექნიკისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტი - 91,3%-ით. ფაქტობრივად, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში გრძელდება მხოლოდ სამედიცინო პროდუქციისა და ფარმაცევტული ნედლეულის ექსპორტი, რაზეც არ ვრცელდება ეკონომიკური სანქციები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შემოიღეს მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რაც ითვალისწინებს თანდათანობით უარის თქმას რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე. დაგეგმილია ენერგიის სხვა წყაროებზე გადასვლა. ამჟამად განიხილება ლოგისტიკის პრობლემები. ივნისში ევროკავშირმა თავის ისტორიაში პირველად განახორციელა მეტი გათხევადებული გაზის იმპორტი აშშ-დან, ვიდრე რუსეთის ბუნებრივი აირის გაზსადენებით. მაგრამ, გასულ წლებში რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მასშტაბების გათვალისწინებით, ევროპა ზამთარში შესაძლოა გაზის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირების გამო, სანამ აეწყობოდეს ახალი ლოგისტიკა.