Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმი უკრაინაა - ზურაბიშვილმა "ყირიმის პლატფორმას" მიმართა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ყირიმის პლატფორმის" სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ამ სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, წელს კი მისთვის დიდი პატივია სამიტზე საქართველო და მისი ხალხი წარადგინოს.

"მე ამაყი ვარ, შემოვუერთდე "ყირიმის პლატფორმას" საქართველოს სახელით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ, ყირიმი უკრაინაა.

ხვალ უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამასთან, ეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მამაცური წინააღმდეგობის 6 თვეა. ეს მხოლოდ თარიღების შემთხვევითი დამთხვევა არ არის. ყველამ ვიცით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში გასულ თებერვალს არ დაწყებულა და თავდაპირველი გამოწვევა იყო ყირიმი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოვლენები, რომლებიც უკრაინაში განვითარდა, კარგად ნაცნობია საქართველოსთვის და კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ მიუყვება იმ გზას, რომელიც საქართველომ 1921, 1992 და 2008 წლებში გამოცადა.

"ჩვენ კარგად გვესმის არა მხოლოდ ის, რას ნიშნავს ტერიტორიაზე შეჭრა და ოკუპაცია, არამედ ის, რისი გაღება მოუწიათ და უწევთ თქვენს ჯარისკაცებს და თქვენს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას.

ქართველი ხალხის სახელით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი აღტაცება თქვენს მამაცურ ბრძოლაზე და გამოვხატო ჩვენი ღრმა რწმენა, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება", - თქვა ზურაბიშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის ბრძოლა უკვე წარმატებულია, ვინაიდან მან გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო პასუხი, ძლიერი და ერთიანი პასუხი, რომელიც პრეზიდენტ პუტინს აქამდე არ უნახავს. ზურაბიშვილმა ვიდეოკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ ასეთი რეაგირება არ ყოფილა არც 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს და არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში.

"ასეთ რთულ დროს უკრაინელი ხალხი ევროპული მისწრაფების გზაზე ერთიანია. მე მინდა მივულოცო უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება და გამოვხატო რწმენა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ჩვენს ორ პარტნიორს - უკრაინასა და მოლდოვას ამ საერთო გზაზე. მე ღრმად მწამს, რომ ეს ანარქიული ომი მალე დასრულდება და რომ უკრაინა ისტორიის სწორ მხარეს დგას, 21 საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ყირიმის პლატფორმა" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

"ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG