Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხალხის ძალა": აშშ-ის საელჩო პირდაპირ ამბობს, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და ენმ დაბრუნდეს


დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი
დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი

მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "სამართლიანი არჩევნების" გამოქომაგებით, ამერიკის საელჩო "ქართულ ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და მმართველი პარტია და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. ამით "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ამერიკის საელჩოს მიერ "სამართლიან არჩევნებთან" (ISFED) დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში ამ ორგანიაციის არდაშვებას შეეხებოდა.

"ეს ის "ისფედია", რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში. პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს, როდესაც "ისფედმა" ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. "პივიტი") გამოაქვეყნა...

პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, "ისფედმა" გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ "პივიტისგან" განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე "ისფედს" დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა", - ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებაში.

მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, რომ ISFED, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერაა კოორდინირებული.

"სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც - მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. "ისფედის" გამოქომაგებით, საელჩო "ქართულ ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და "ქართული ოცნება" და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და "ისფედს" სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს", - აცხადებენ "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 19 აგვისტოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასეთი კომპეტენტური ორგანიზაციის პროცესს მიღმა დატოვება, ევროკომისიის რეკომენდაციასაც და რეფორმების სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება.

ამერიკის საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველეყო.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, საქართველომ 23 ივნისს მიიღო. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან "გირჩი", "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან "საქართველოსთვის". ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

"სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან. "სამართლიანი არჩევნების" პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც".

XS
SM
MD
LG