Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქიატრიულში გადაყვანილ პატიმარს იარაღიდან ნასროლი ტყვია თავში მოხვდა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ციხიდან გადაყვანილი პაციენტი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს დილით მოხდა. ბოლო ინფორმაციით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია "კავკასიის მედიცინის ცენტრში" ჩაუტარდა.

"ფსიქიატრიულ ცენტრში გადმოუყვანიათ. ვიფიქრე, კარგია, რადგან ფსიქიატრიულშია. გუშინ ფანჯრიდან დავინახე, მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მოვედი დღეს დილით და მითხრეს, რომ მას აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის დაზიანება. როცა მოვედი, ოპერაცია ტარდებოდა. გამაგებინეთ, როგორ მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ ისროლა?.. ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან ისევ ციხეში გადაეყვანათ. ჩათვალეს, რომ ბიჭი ერთ დღეში გამოკეთდებოდა. ის არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისათვის, რომ ციხეში გადაეყვანათ", - უთხრა მედიას პატიმრის დედამ.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პირველადი მოკვლევით უწყება ამბობს, რომ ახალგზარდა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.

"დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება", - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების გამომძიებლებმა უკვე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და ამოიღეს ნივთმტკიცებები. გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემთხვევის ამსახველი კადრებიც.

XS
SM
MD
LG