„დღეს რუსებს უკრაინაში აქვთ „ხელები გაკავებული“. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს გადაუდებელი საფრთხე ემუქრება. მაგრამ თუ საქართველო მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მას უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა მაქსიმალურად დიდხანს გაძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე”, - ამბობს ამერიკის „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი რადიო თავისუფლებასთან ვრცელ ინტერვიუში და იქვე აზუსტებს, როგორი უნდა იყოს ეს სავარაუდო გეგმა. აგვისტოს ომის დაწყებამდე ჰამილტონი თბილისში აშშ-ის საელჩოში აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ოფისს ხელმძღვანელობდა. ვაჟა თავბერიძემ მასთან საუბარი 2008 წლის ომის შეფასების თხოვნით დაიწყო.
რადიო თავისუფლება: სამართლიანი იქნება თუ არა თქმა, რომ აგვისტოს ომი „პატარა, ძლევამოსილი ომის” (small victorious war) საფირმო მაგალითი იყო?
პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი: რუსებისთვის? ალბათ კი. რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა დასავლეთისა და საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს შორის არსებული „ნაპრალი“. მათ გაიაზრეს, რომ დასავლეთსა და საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები იყვნენ, სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქონდათ იმ მოვლენებისა, რისი მომსწრეც 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში ვიყავით. დასავლეთის ნარატივი საქართველოს მისამართით ყოველთვის გამოიყურებოდა ასე: „პროვოკაციას ნუ აჰყვებით, ნუ ჩაერთვებით ომში, რომლის მოგების შანსიც არ გაქვთ, და რომლის მოგებაშიც ჩვენ ვერ/არ დაგეხმარებით“. ქართული მხარის ნარატივი გამოიყურებოდა ასე: „საქმე გვაქვს მცოცავ ანექსიასთან“. საქართველო იდგა ერთობ არასახარბიელო არჩევანის წინაშე: ან უნდა ეპასუხა რუსეთისათვის, ან, თუ არ უპასუხებდა, ერთ დღეს ყველანი გავიღვიძებდით და აღმოვაჩენდით, რომ რუსეთმა მაინც მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული ოკუპაცია. ვფიქრობ, აგვისტოს დასაწყისში საქართველოს მთავრობა გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა - ან უნდა ებრძოლათ და, სავარაუდოდ, წაეგოთ, ან არ ებრძოლათ, და მაინც წაეგოთ. ასე რომ, დიახ, ეს იყო პატარა ძლევამოსილი ომი რუსეთისთვის. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ომზე წასვლა, ომი თუ არა, კრიზისი მაინც უნდა გამოეწვიათ საქართველოში. ორი საკვანძო მოვლენა, რომელმაც რუსეთს ამისკენ უბიძგა, იყო კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება 2008 წლის დასაწყისში და შემდეგ ნატოს ბუქარესტის სამიტი, სადაც, ამერიკისა და პარიზ/ბერლინის განსხვავებული პოზიციების გამო, კიევსა და თბილისს ნატოში გაწევრებას დაჰპირდნენ, მაგრამ ე.წ. მაპ-ზე (ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმა) უარი უთხრეს.
რადიო თავისუფლება: 2008-ში ამერიკის საელჩოში თავდაცვის თანამშრომლობის ოფისს ხელმძღვანელობდით და პოსტი, ფაქტობრივად, ზედ ომის წინ დატოვეთ. მიუხედავად ამისა, ომის ე.წ. პრელუდიას ალბათ მაინც მოესწარით. იყო თუ არა საკმარისი ნიშნები იმისთვის, რათა გეფიქრათ, რომ ომი გვიახლოვდებოდა?
აგვისტოს დასაწყისში საქართველოს მთავრობა გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა - ან უნდა ებრძოლათ და [სავარაუდოდ] წაეგოთ, ან არ ებრძოლათ, და მაინც წაეგოთ.
ჰამილტონი: ომის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე დავტოვე საელჩო - 7 ივლისს. ამ დღეს [მაშინ სახ. მდივანი] კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს მთავრობის დასამშვიდებლად და იმავე დღეს რუსებმა ორი თვითმფრინავით დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე, ასე ვთქვათ, „ტემპერატურას აუწიეს“. ეს დღე და დანარჩენი ივლისი იყო კულმინაცია იმ ესკალაციისა, რომელიც რუსეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ წამოიწყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ალბათ გახსოვთ, სააკაშვილის და პუტინის მთავრობებს არცთუ ისე ურიგო ურთიერთობა ჰქონდათ. მაგრამ რაც უფრო აშკარა ხდებოდა, რომ სააკაშვილი და მისი მთავრობა სერიოზულად იყვნენ განწყობილები დასავლეთში ინტეგრაციისთვის, რომ მართლა სურდათ და გეგმავდნენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას და დასავლეთის გეოპოლიტიკურ ბანაკში გადაბარგებას, მით უფრო იზრდებოდა საქართველოს და პირადად სააკაშვილის მიუღებლობა კრემლში. შედეგად, ვნახეთ ემბარგოს გაუქმება სოხუმისა და ცხინვალისთვის იარაღის მიწოდებაზე, პირდაპირი დიპლომატიური კონტაქტის დამყარება მათსა და მოსკოვს შორის, აფხაზეთში რკინიგზის შეკეთება და 500 დამატებითი რუსი „მშვიდობისმყოფელი“, საჰაერო-სადესანტო ბატალიონი, რომელიც შემდეგ მათი სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად გამოიყენეს.
როგორც მახსოვს, ჩემი იმდროინდელი საუბრებიდან საელჩოში, დიდი იყო შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი აშკარად კრიზისის გამოწვევას ცდილობდა - თავდაპირველად აფხაზეთში - ამიტომაც ქართულმა ჯარმა საშტაბო-სამეთაურო საქმიანობის დიდი ნაწილი სენაკში, დასავლეთ საქართველოში გადაიტანა - არა იმიტომ, რომ ომის დაწყებას აპირებდნენ, არამედ იმიტომ, რომ თვლიდნენ, რუსეთი აპირებდა ამ ფრონტის გახსნას და რეაგირებისთვის ემზადებოდნენ. მაისში ვნახეთ დეესკალაცია აფხაზეთის მიმართულებით, ივლისში კი დაიწყო ესკალაცია სამხრეთ ოსეთში. ჩემი აზრით, რუსებმა სცადეს და არ გამოუვიდათ კრიზისის შექმნა აფხაზეთში, საქართველოს მთავრობის პროვოცირება, რაზეც შემდეგ რუსეთი „რეაგირებას მოახდენდა“. ამიტომ გადავიდნენ სამხრეთ ოსეთზე, სადაც ესკალაცია ბევრად უფრო მარტივი იყო - თუ აფხაზეთში ქართველები მხოლოდ გალსა და კოდორის ხეობაში იყვნენ დარჩენილნი, სამხრეთი ოსეთი დაქსელილი იყო ქართულ-ოსური სოფლებით.
რადიო თავისუფლება: დასაბომბად ეს უფრო „ხელსაყრელი“ იყო.
ჰამილტონი: ასეა, უფრო ადვილი იყო ესკალაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა. ბევრად უფრო უმართავი სიტუაცია იყო - რუსებმა აღმოაჩინეს, რომ სამხრეთ ოსეთში უფრო ადვილად შეეძლოთ საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე „აგდება“, რაც მოხდა კიდევ 7 აგვისტოს. რა პასუხიც არ უნდა გქონდეთ კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებმა დაიწყეს მსხვილი სამხედრო ოპერაცია 7 აგვისტოს ღამით, ყველა, ტალიავინის ანგარიშის ჩათვლით, თანხმდება, რომ ამ ქართულ ოპერაციამდე, რუსული დანაყოფები უკვე საქართველოში შემოვიდნენ როკის გვირაბის გავლით. ახლა შეგვიძლია ვიდავოთ, საკმარისია ეს თუ არა იმის სათქმელად, რომ რუსეთი შემოიჭრა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ თუ სუვერენული ქვეყნის მთავრობა ხარ, ერთი ტანკიც კი, რომელიც შენს ტერიტორიაზე იმყოფება და შენ არ მოგიწვევია, უკვე საკმარისია, რომ ამას შეჭრა უწოდო.
თუ სუვერენული ქვეყნის მთავრობა ხარ, ერთი ტანკიც კი, რომელიც შენს ტერიტორიაზე იმყოფება და შენ არ მოგიწვევია, უკვე საკმარისია, რომ ამას შეჭრა უწოდო.
რაც შემდეგ მოხდა, აშკარად საკმარისად მიიჩნიეს მოსკოვში, ჩათვალეს, რომ casus belli ჰქონდათ, რათა სრულმასშტაბიანი ომი დაეწყოთ საქართველოს წინააღმდეგ, რაც, ვფიქრობ, თავიდანვე იყო მათი მთავარი მიზანი. ისიც მგონია, რომ ცოტა გაოცებულები დარჩნენ ქართული მხარის მიერ შერჩეული დროით, რადგან ფიქრობდნენ, რომ ომი უფრო მოგვიანებით დაიწყებოდა, როდესაც მათ უკეთესი პოზიციები ექნებოდათ სამხედრო თვალსაზრისით. ვფიქრობ, ისინი იმედოვნებდნენ, რომ მეტი ძალების შემოყვანას მოასწრებდნენ როკის გვირაბის გავლით.
რადიო თავისუფლება: ამერიკის მიერ გაწეულ დახმარებაზე მინდა, გკითხოთ, განსაკუთრებით იმ ხუთი დღის განმავლობაში. ადეკვატური იყო, საკმარისზე მეტი თუ პირიქით, მეტი შეიძლებოდა?
ჰამილტონი: იმ ხუთი დღის განმავლობაში, ამერიკა, მსგავსად საქართველოს ბევრი სხვა პარტნიორისა, მოუმზადებელი იყო და სახტად დატოვა ომის დაწყებამ. მთავარი, რაც ამერიკამ გააკეთა, ეს იყო ქართული ბრიგადის დაბრუნება ერაყიდან საქართველოში, ამერიკული თვითმფრინავებით. შეთანხმებაში, რომელიც არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს შორის, ეწერა, რომ 96 საათის განმავლობაში ეს ბრიგადა საქართველოში დაბრუნდებოდა, ეროვნული უსაფრთხოების კრიზისის შემთხვევაში. ასეც მოხდა, მაგრამ 96 საათი ოთხი დღეა და ეს ბრიგადა იმდენად ადრე ვერ დაბრუნდა, რომ რაიმე გადამწყვეტი როლი ეთამაშა საბრძოლო მოქმედებებში.
ომის შემდგომ დღეებში ამერიკის მხრიდან საქართველომ მიიღო მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება, რომ არაფერი ვთქვათ უზარმაზარ ეკონომიკურ დახმარებაზე. მაგრამ, გაუგებრობები რომ გამოვრიცხოთ, არასდროს არსებობდა რაიმე გეგმა, რომ საქართველოს ამ ომში ამერიკა სამხედრო დახმარებას გაუწევდა - ეს არასოდეს განხილულა შტატებსა და საქართველოს შორის, არც დაპირება და არც მინიშნებები გაკეთებულა რაიმე ასეთზე.
რადიო თავისუფლება: შემისწორეთ, თუ ვცდები, მაგრამ 2008 წლამდე ასევე არსებობდა ერთგვარი ვეტო საქართველოს შემტევი საჰაერო და საარტილერიო შეიარაღებით აღჭურვასა და წვრთნაზე. თუ ქართული მხარის გამხნევება გსურდათ, თანაც ისე, რომ ომში უშუალოდ არ ჩარეულიყავით, ალბათ ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებდით. იყო თუ არა ეს სტრატეგიული შეცდომა?
ჰამილტონი: კარგი კითხვაა. მე თვითონაც ვწერდი ამაზე. იმდენად შორს მიდიოდა ჩვენი „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ პოლიტიკა, რომ აგვიკრძალეს ამ თემების იმ აკადემიური კურსების სილაბუსში შეტანაც კი, რომლითაც არტილერისტებს და მოიერიშე ვერტმფრენების პილოტებს ვასწავლიდით, ვფიქრობ, მრავალთა აზრს გავაჟღერებ, თუ ვიტყვი, რომ რუსეთი თავად ირჩევს, რითი „აღმოჩნდება“ პროვოცირებული. სილაბუსის ქონა საქართველოს 2008 წელს ომს ვერ მოაგებინებდა, მაგრამ ალბათ არც რუსეთის პროვოკაციას გამოიწვევდა, თუ რუსეთი თავად არ მოინდომებდა, „პროვოცირებული“ ყოფილიყო. ჩვენ უფრო გაბედულად უნდა გვემოქმედა, მეტი უნდა გვექნა. მეორე მიზეზი, რის გამოც გვითხრეს, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ არ სჭირდებოდათ ერაყში მყოფ ქართულ დანაყოფებს.
რადიო თავისუფლება: ცოტა ეგოისტურად გამოდის, არა?
არასდროს არსებობდა რაიმე გეგმა, რომ საქართველოს ამ ომში ამერიკა სამხედრო დახმარებას გაუწევდა - ეს არასოდეს განხილულა შტატებსა და საქართველოს შორის, არც დაპირება და არც მინიშნებები გაკეთებულა რაიმე ასეთზე.
ჰამილტონი: ვფიქრობ, ეს ჩვენი შეცდომა იყო. რა თქმა უნდა, ეგოისტურია. მაგრამ ყველა ქვეყანა ეგოისტურია, ბოლომდე ალტრუისტი არავინაა. მაგრამ მიზეზი, რის გამოც ამას შეცდომად ვთვლი, არის შემდეგი: ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობდით, საქართველო ნატოში შეგვეყვანა, მაგრამ საქართველოს მხოლოდ ე.წ. ამბოხებულებთან გამკლავებას ვასწავლიდით, ნაცვლად იმისა, რომ გაგვეძლიერებინა მისი ტერიტორიული დაცვის შესაძლებლობები. ნატოს წევრი რომ იყო, ამისთვის საკუთარი ტერიტორიის ჯეროვნად დაცვა უნდა შეგეძლოს, სხვა შემთხვევაში, მიუღებელი ტვირთი იქნები ალიანსისთვის. ტერიტორიული თავდაცვის ელემენტებში დახმარება მხოლოდ 2018 წელს დავიწყეთ, „თავდაცვის მზადყოფნის“ პროგრამით - შეცდომა იყო ამის უფრო ადრე არგაკეთება, სწორედ 2018 წელს თქვა ამერიკამ პირველად: ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს, შეეძლოს თავისი თავის, საკუთარი ტერიტორიის დაცვა ნებისმიერი გარე აგრესორისგან, თუმცა, რეალურად, აგრესორი მხოლოდ ერთია.
რადიო თავისუფლება: რამდენად რეალურია, უკრაინის მოვლენების ფონზე, საქართველო ისევ აღმოჩნდეს სამხედრო საფრთხის წინაშე? და თუ ეს ასე მოხდება, როგორი უნდა იყოს საქართველოს ე.წ. მოდუს ოპერანდი - როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ შემთხვევაში?
ჰამილტონი: არ მგონია, რომ ახლო მომავალში ასეთი საფრთხე არსებობდეს, იმიტომ რომ რუსებს უკრაინაში აქვთ „ხელები გაკავებული“. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს გადაუდებელი საფრთხე ემუქრება. მაგრამ თუ საქართველო მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მას უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა მაქსიმალურად დიდხანს გაძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე - და თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობას გავითვალისწინებთ, ეს ხანგრძლივად ვერ მოხერხდება, ალბათ ხუთიდან შვიდ დღემდე, და შემდეგ ე.წ. დივერსიული მოქმედებების სტრატეგიაზე გადავიდეს: რუსებს უფლება არ მისცეს, საკვანძო ქალაქები აკონტროლონ. დაახლოებით იმ ოპერაციებზეა საუბარი, რასაც უკრაინელებმა ასე კარგად გაართვეს თავი ომის პირველ ფაზაში: მცირერიცხოვანი დანაყოფები, ჯაველინები და სხვა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება რუსული ტანკებისა და არტილერიის წინააღმდეგ, გამართული დაზვერვა რუსების არტილერიის პოზიციის ზუსტად დასაფიქსირებლად, მუდმივი მოძრაობა, რათა ყოველ რუს ჯარისკაცს, რომელიც საკუთარ ბაზას გასცილდება, ეშინოდეს და არ იცოდეს, ცოცხალი დაბრუნდება თუ არა. საქართველოს ამ კუთხით გარკვეული უპირატესობა აქვს - ის მთიანი ქვეყანაა, რაც პარტიზანული ომისთვის ხელსაყრელია, რადგან დამპყრობლის ჯარი ვიწრო ხეობებსა და ბილიკებზე „იწრიტება“. გავიხსენოთ, რა დაემართა საბჭოთა ჯარს ავღანეთში, სადაც მსგავსი რელიეფია. ასე რომ, ეს საქართველოს უპირატესობაა და მე ვისურვებდი, მენახა საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობა.
რადიო თავისუფლება: საქართველოს დღემდე აქტიურად აკვირდებით - დღევანდელი მონაცემებით, როგორ ფიქრობთ, შეძლებდა და შეძლებს კი საქართველო ამ ამოცანისთვის თავის გართმევას და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას, იმ შესაძლებლობებით, რაც ახლა აღწერეთ?
ჰამილტონი: თავდაპირველი 5-7 დღე უმნიშვნელოვანესია, რათა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოესწროს, ომს ყურადღება მიაქციონ და საქართველოს დაეხმარონ. შეძლებს თუ არა საქართველო, გაძლოს 5-7 დღე ასეთი ტიპის ომში, დამოკიდებულია ოპერაციულ გეგმაზე - თუ როგორ გამოიყენებს საქართველო თავის მწირ რესურსებს - ჯავშანტექნიკას, არტილერიას, მცირე რაოდენობის საბრძოლო ავიაციას და შემტევ შვეულმფრენებს. საქართველოს არ ძალუძს ისეთი ომის წარმოება, რასაც დღეს დონბასში ვხედავთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კარგად უნდა გამოთვალოს, თუ როგორ გამოიყენებს იმ ტექნიკას და აღჭურვილობას, რაც აქვს, რათა რუსულ დანაყოფებს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს და, ამავდროულად, მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს ისინი, შესაძლოა ქვეყნის სხვა ნაწილში გადატანით, რათა ტექნიკა სრულად არ განადგურდეს და შემდეგ გადაეწყოს ე.წ. დივერსიების კამპანიაზე, რაც ნიშნავს სამხედრო იერარქიის დეცენტრალიზაციას, ამას თბილისიდან ვერ წარმართავ, რადგან პირველი, რასაც რუსები გააკეთებენ, ისინი კომუნიკაციის ხაზებს „დააჯდებიან“. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ადგილზე, გულდასმით შევისწავლიდი, რას აკეთებდნენ უკრაინელები ომის პირველ ფაზაში, რათა საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად „გადმომეღო“ მათი წარმატებული მანევრები, თანაც საქართველოს ერთადერთი უპირატესობის - რელიეფის გათვალისწინებით.
რადიო თავისუფლება: 2018 წელს გამოცემული თქვენი მონოგრაფია აგვისტოს ომზე მთავრდება რუსული ლიტერატურის კლასიკიდან ნასესხები კითხვით - „ახლა რა ვიღონოთ?“ ოთხი წლისა და ერთი ომის შემდეგ - დღეს რა უნდა იღონოს საქართველომ?
ჰამილტონი: მთავარი, რაც უნდა მოხდეს, უნდა შეწყდეს ეს მართლაც რომ დესტრუქციული, გამანადგურებელი შიდაპოლიტიკური ბრძოლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოთი გადაიღალნენ. არის ხალხი, ვინც კითხულობს: 2004 წლიდან საქართველოს ვეხმარებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარება. რა მივიღეთ საბოლოოდ? მათ თვალში საქართველო - ეს გაუთავებელი პოლიტიკური შინაომებია. ევროკავშირმაც და ამერიკამაც მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდეს 19 აპრილის შეთანხმებაში 2021 წელს, რომელსაც საბოლოოდ მთავრობამაც ზურგი აქცია და ოპოზიციამაც. ამ ყველაფერს ემატება ის ღიად აგრესიული რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებისგან ვისმენთ. განსაკუთრებით ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ვფიქრობ, დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს - მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა? და თუ არა, დარწმუნებული შეუძლია იყოს, რომ ძალით არავინ შეათრევს არც ნატოსა და არც ევროკავშირში.