Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 64-ე ბრიგადის სამხედრომ უკრაინაში სამოქალაქო პირის მკვლელობა აღიარა


უკრაინის სოფელ ანდრეევკაში მომხდარ მკვლელობებში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროები
უკრაინის სოფელ ანდრეევკაში მომხდარ მკვლელობებში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროები

უკრაინის სოფელ ანდრეევკის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლები მაროდიორობაში, სამოქალაქო პირების ძარცვასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. საგამოძიებო პროექტ "ვაჟნიე ისტორიის" კორესპონდენტმა შეძლო დაედგინა ამ ბრიგადის მინიმუმ 4 ჯარისკაცის ვინაობა, რომელთაგან ერთმა, დანილ ფროლკინმა, აღიარა სოფლის მკვიდრ რუსლან იარემჩუკის მკვლელობა.

რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები ანდრეევკაში თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე იმყოფებოდნენ. მათი უკან დახევის შემდეგ, თვითმხილველების თქმით, სოფელში დარჩა ასობით დანგრეული და გაძარცული სახლი, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ათზე მეტი ცხედარი, ასევე ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებისგან მოპარული ტელეფონით გადაღებული 25 ფოტო. ამ ფოტოებზე ჟურნალისტებმა ამოიცნეს ხაბაროვსკში მდებარე 64-ე ბრიგადის ოთხი სამხედრო მოსამსახურე: დანილ ფროლკინი, დიმიტრი დანილოვი, რუსლან გლოტოვი და ივან შეპელენკო. ანდრეევკის ბევრმა მკვიდრმა გაიხსენა ჯარისკაცები ამ სურათებიდან და ისინი მაროდიორობაში, ჩადენილ ძარცვასა და მკვლელობაში დაადანაშაულეს.

ფროლკინმა გამოცემას განუცხადა, რომ 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურებმა [აზატბეკ ომურბეკოვმა, სერგეი დმიტრენკომ, ვიაჩესლავ კლობუკოვმა, დენის რომანენკომ და ანდრეი პროკურატმა] მას და კიდევ რამდენიმე კოლეგას ანდრეევკის სამი მცხოვრების სახლებში ჩხრეკის ჩატარება უბრძანეს.

"ჩვენ ისინი შევიყვანეთ სამ სახლში, მათ დაგვათვალიერებინეს სახლები. სახლებში არ იყო მათი ფოტოსურათები. ანუ ეს სახლები ფაქტობრივად მათი არ იყო. მესამე საერთოდ რაღაც ნანგრევებში ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ ფულის დასტა - ჰრივნების, დოლარების. პოდპოლკოვნიკმა ალექსანდრ პროკურატმა, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, ეს ფული თვითონ აიღო, ხოლო დანარჩენი - დოკუმენტები და ტელეფონები - ჩვენ მოგვცა და გვითხრა: "ესენი გაასაღეთო". მეც წავედი და [ერთი მათგანი] გავასაღე", - ამბობს ვიდეოჩანაწერში ფროლკინი.

მოგვიანებით ფროლკინმა ფოტოზე ამოიცნო მსხვერპლი და დაადასტურა, რომ მან რუსლან იარემჩუკს კეფაში ესროლა. დაზიანების ხასიათი დაადასტურა მოკლულის ქვრივმა. ფროლკინის ნაამბობის დეტალების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ იმავე დღეს, 12 მარტს, იარემჩუკთან ერთად, რუსმა სამხედროებმა ანდრეევკის კიდევ ორი მკვიდრი - ვადიმ განიუკი და ვიტალი კიბუკევიჩი- დახოცეს.

ხაბაროვსკის ოლქში დისლოცირებული რუსეთის არმიის ცალკეული მოტომსროლელი 64-ე ბრიგადიდან, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა საპატიო წოდება „გვარდიული“ მიანიჭა, უკრაინაში ბრძოლების შედეგად მწყობრში თითქმის აღარავინ დარჩა.

სოციალურ სივრცეში უფრო ადრე მიმოფანტულ ცნობებს, 7 აგვისტოს ქსელ „ვკონტაქტეში“ 64-ე ბრიგადის 44 დახოცილი ჯარისკაცისა და ოფიცრის სამგლოვიარო ფოტოსტენდიც დაემატა.

დამოუკიდებელი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა არ იჩქარებს ამ ბრიგადის დაშლას, რადგან ეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ჩადენილ იმ სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღების ირიბი დადასტურება იქნებოდა, რომელსაც სამუდამოდ დაუკავშირდა 64-ე ბრიგადის სახელი.

XS
SM
MD
LG