ევროკავშირი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შეფასების ანგარიშში აქვეყნებს. დოკუმენტი, რომელშიც წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და უკუსვლაზეა საუბარი, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე თითქმის ერთი თვით ადრე. სხდომა 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება.
ანგარიშში წერია, რომ მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს.
"თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის", - წერია ანგარიშში.
ევროკავშირის ამ ანგარიშში მოხვდა რამდენიმე ფაქტი:
- ევროკავშირი პოლიტიკურად სენსიტიურად მოიხსენიებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას; პარტია "ლელოს" ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის; "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს;
- ანგარიშში მოყვანილია 2022 წლის მსოფლიო პრესის ინდექსის მაჩვენებლები, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაუარესებულია ჟურნალისტების უსაფრთხოების ნაწილის გამო. თუმცა "აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული";
- 2021 წლის 5 ივლისს თბილისში "ღირსების მარშის" გაუქმებაზე, რა დროსაც სიძულვილის ჯგუფებმა 50 ჟურნალისტზე მეტზე იძალადეს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს";
- ანგარიში ეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე გავრცელებული ე.წ. სუს-ის ფაილების შესახებ ინფორმაციასაც, რომელშიც ფიგურირებდნენ სასულიერო პირები, ჟურნალისტები, დიპლომატები და ა.შ. ამავე აბზაცშია მითითებული, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აფართოებს დანაშაულების ჩამონათვალს, როცა შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
- ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის მუშაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ სენსიტიურ საკითხებზე "ხმამაღალი" გამოხმაურების გამო ეს სამსახური ზეწოლას განიცდიდა;
- დოკუმენტში უარყოფითად არის შეფასებული სასამართლო ხელისუფლება იმის მიუხედავად, რომ საქართველომ მისი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზრდის ვალდებულება არაერთხელ აიღო. "სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა".
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი კი ამბობს, რომ როდესაც ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის, მან უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება.
"საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის 1 ივლისს ძალაში სრულად შევიდა.
"ის ხელს უწყობს პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, საერთო ღირებულებების პატივისცემას; შეთანხმება ასევე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საფუძველს წარმოადგენს", - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
საქართველომ 3 მარტს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი წარადგინა. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი არის დეოლიგაქრიზაცია.