Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო: ტრამპის სახლის ჩხრეკის დროს მიაგნეს "სრულიად საიდუმლო" მასალებს


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში. 10 აგვისტო, 2022 წელი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში. 10 აგვისტო, 2022 წელი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მამულში, ფლორიდის შტატში, 8 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკის ორდერის გამოქვეყნების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფედერალური მოსამართლის მიერ. დოკუმენტების გახსნა მოითხოვა იუსტიციის მინისტრმა, მერიკ გარლანდმა. მისი თქმით, არსებობს ამ საქმის მიმართ საფუძვლიანი საზოგადოებრივი ინტერესი.

თვითონ ტრამპს ამგვარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ არაფერი უთქვამს.

ამგვარი პროცესი აშშ-ში უჩვეულოა. ჩვეულებრივ, ამგვარი დოკუმენტები გამოძიების დასრულებამდე საიდუმლოდ რჩება.

სასამართლოს მასალებიდან ჩანს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტრამპის საცხოვრებელში, მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში, ჩხრეკისას მიაკვლიეს დოკუმენტებს, რომლებიც „სრულიად საიდუმლოდ“ იყო შეფასებული.

ეს დოკუმენტები შეიძლება მხოლოდ დაცული სახელმწიფო დაწესებულების შიგნით ინახებოდეს. გარლანდმა წინა დღეს, 11 აგვისტოს გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებას, ჩხრეკის ორდერი გაეცათ, პირადად დაუჭირა მხარი.

იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გამოძიება უკავშირდება ჯაშუშობის შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევას. ეს არის ფედერალური კანონი, რომელიც კრძალავს ქვეყნის თავდაცვის სფეროს შესახებ საინფორმაციო მასალის ფლობას და მის გატანას უსაფრთხო სახელმწიფო ოფისიდან.

Wall Street Journal-ი წერს, რომ ამოღებულ იქნა 11 დოკუმენტი, რომლებსაც „საიდუმლოს“ ნიშანი ჰქონდა. FBI-ს თანამშრომლებმა ტრამპის სახლიდან ჩხრეკის შემდეგ 20-ზე მეტი ყუთი წაიღეს. მათ შორის იყო ერთი საქაღალდე ფოტოებით, ხელნაწერი დოკუმენტი და ინფორმაცია „საფრანგეთის პრეზიდენტის“ შესახებ.

უფრო ადრე, 12 აგვისტოს, ტრამპმა, უარყო Washington Post-ის ცნობა, რომ FBI მისი სახლის ჩხრეკისას ატომურ იარაღთან დაკავშირებულ საიდუმლო მასალებს ეძებდა. მან სოციალური მედიით, თავისი პლატფორმის, Truth Social-ის გზით, განაცხადა, რომ ეს ახალი ამბავი "ხრიკი" იყო.

ტრამპმა და რესპუბლიკური პარტიის სხვა წარმომადგენლებმა, მკაცრად გააკრიტიკეს FBI, რომ მან მიკერძოებულად იმოქმედა. ტრამპი და მისი ადვოკატები 8 აგვისტოს ჩხრეკისას სამართალდამცავებთან თანამშრომლობდნენ.

XS
SM
MD
LG