საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდმა "ფეისბუკზე", სხვა პოლიტიკური და სოციალური შინაარსის კონტენტის გვერდებს შორის, ყველაზე მეტი თანხა გადაიხადა გასული 90 დღის განმავლობაში რეკლამებზე. "ფეისბუკის" რეკლამების ბიბლიოთეკის [ads library] მონაცემებით, მან გასულ 7 დღეში 425$-ის, გასულ ერთ თვეში კი 4 544 $-ის რეკლამები განათავსა. რეკლამების უმეტესობა პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რელიგიური დღესასწაულების მილოცვებზე და ქვეყნის შიგნით ვიზიტების ამსახველ ფოტოსურათებზეა განთავსებული.
პრემიერ-მინისტრის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხა 6-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხის ოდენობას და სამჯერ მეტია მმართველი პარტიის რეკლამებში დახარჯულ თანხაზე. "ქართული ოცნება", მთავარი გვერდის გარდა, გასული სამი თვის განმავლობაში აქტიურად არეკლამებდა პარტიის ქალთა ორგანიზაციის გვერდსაც. რეკლამის უხვად განმთავსებელთა პირველ ათეულში, მმართველი პარტიის, პრემიერისა და მთავრობის გვერდების გარდა, გვხვდება "სირცხვილიას", ტელეკომპანია "ფორმულის", გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძისა და კახა ოქრიაშვილის გვერდები.
ირაკლი ღარიბაშვილის გვერდი "ფეისბუქზე" 2012 წელს არის შექმნილი და რამდენჯერმე აქვს შეცვლილი როგორც სახელი, ასევე დანიშნულება და რეკლამის სპონსორი უწყება.
"ფეისბუკმა" რეკლამების გამჭვირვალობის გაზრდის პლატფორმა, რეკლამების ბიბლიოთეკა 2019 წელს გაუშვა. საქართველო ამ პლატფორმას მოგვიანებით, 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა. ამ დროიდან დღემდე, ორი წლის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე განთავსებული რეკლამების ჯამური რაოდენობა 155 816 დოლარია. ამ თანხის ნაწილი სხვადასხვა დროს თავდაცვის სამინისტროს, პარტია "ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას აქვთ გადახდილი.
ირაკლი ღარიბაშვილის გვერდს, 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, 10 ადამიანი მართავს.