მმართველი პარტიის საჩივარმა მის მიმართ სამი კრიტიკული ტელეარხის, "მთავარი არხის", "TV პირველისა" და "ფორმულის" წინააღმდეგ პირველი ეტაპი გაიარა. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ, 11 აგვისტოს სხდომაზე მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა მიიღოს და განიხილოს.
საქმე ეხება ამ სამი არხის ეთერში აქციის, "შინ ევროპისკენ" შესახებ ერთ-ერთი ვიდეორგოლის განთავსებას, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩანდნენ. "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ ეს მმართველი პარტიის საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამა იყო.
კომისიის სხდომაზე ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება:
- ჯდებოდა თუ არა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაში აღნიშნული საჩივრის განხილვა - "ფორმულის" ინტერესების დამცველის, იურისტ მარიამ კაპანაძის შეფასებით, ამ ვიდეოკლიპის განთავსების წესის განხილვა კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ მას სოციალურ რეკლამად მიიჩნევდა.
"სოციალური რეკლამის შემთხვევაში შესაძლებელია მსჯელობა მხოლოდ წესების დარღვევაზე და არა შინაარსზე, რადგან შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმთავსებელს და არა ტელეკომპანიას... რაც შეეხება, არის თუ არა ეს წინასაარჩევნო, პოლიტიკური რეკლამა - არ არსებობს რეგულაცია, რომელიც კომისიას მისცემდა უფლებას, ემსჯელა არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესზე", - თქვა მარიამ კაპანაძემ სხდომაზე. - შეეძლო თუ არა "ქართულ ოცნებას" მსგავსი დავა დაეწყო - იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც კომისიის სხდომაზე ტელეკომპანიების ინტერესებს იცავდა, აღნიშნავდა, რომ მმართველ პარტიას მსგავსი დავის დაწყება არ შეეძლო.
"ისეთი პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორებიც არიან პარლამენტის წევრი, პრემიერ-მინისტრი ან სხვა პირები, რომლებიც ჩანან ამ ვიდეოკლიპში, არ წარმოადგენენ აუცილებლად "ქართულ ოცნებას". ადამიანები ჩვენი ინდივიდუალური მახასიათებლებით, შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფს განვეკუთვნებოდეთ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიკავებთ პოლიტიკურ თანამდებობას, მაშინ წარმოვადგენთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. შესაბამისად, ეს ადამიანები ამ ვიდეორგოლში მოცემული არიან როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირები და არა, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ამას ადასტურებს ისიც, რომ ვიდეორგოლში არ არის ამ პარტიის სიმბოლიკა გამოყენებული - საარჩევნო ნომერი, ლოგო ან დროშა... ამით იმას ვამტკიცებ, რომ ისინი ვერ იქნებიან დაინტერესებული პირები [არ შეუძლიათ საჩივრის შემოტანა]", - თქვა მშვენიერაძემ. - რატომ იყო ვიდეორგოლი სოციალური რეკლამა - ტელეკომპანიების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ვიდეორგოლის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეების აქციაზე გაყვანა და არა პარტია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ განწყობა.
"ეს რეკლამა ხალხს უბიძგებდა, რომ ყოფილიყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიეღოთ კონსტიტუციით დაცულ პროცესში - ეს სრულად ჯდება სოციალური რეკლამის განმარტებაში, რომელიც გვეუბნება, რომ მისი მიზანი შესაძლოა, საზოგადოების ქცევის შეცვლა იყოს", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სერგი ჯორბენაძემ სხდომაზე თქვა, რომ ტელეკომპანიების მიერ დასახელებული არგუმენტები საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა განხილულიყო. მსგავსი პოზიცია ჰქონდა კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთ წევრს, ივანე მახარაძესაც.
"ასე მიჭირს წარმოვიდგინო, რომ კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე იმსჯელოს რეკლამა პოლიტიკურია თუ სოციალური. ზეპირ მოსმენაზე რაღაზე უნდა იმსჯელოს, თუ ჩათვალა დღეს, რომ ან პოლიტიკურია, ან სოციალური. აქ საკითხი ეხება რეკლამის განთავსების კანონიერებას და ამის შესწავლაზეა საუბარი", - თქვა კომისიის წევრმა.
კომუნიკაციების კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჩივარი დასაშვები იყო და საქმის არსებითი განხილვა 23 აგვისტოს ჩანიშნა. სხდომას არ ესწრებოდა კომისიის მეხუთე წევრი, კახა ბექაური. ის მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის დირექტორი იყო წლების წინ.
სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება" მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ 3 ტელევიზიას: "მთავარ არხს", "TV პირველსა" და "ფორმულას" კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. პარტიას მიაჩნია, რომ 24 ივნისის აქციის, "შინ ევროპისკენ" გამართვამდე, ამ არხების ეთერში 23 და 24 ივნისს განთავსებული ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის იყო, რადგან ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს უარყოფითად წარმოაჩენდა.
"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილის ("ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა"), 11 ივნისისა ("ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური") და 22 ივნისის ("ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს") განცხადებების ნაწყვეტები. ვიდეორგოლში ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის, ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა (ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს) და სხვათა განცხადებების ამონარიდები.
ტელეკომპანიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კომუნიკაციების კომისია სახელისუფლებო პარტიის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მათ დასჯის.