Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი", "TV პირველი" და "ფორმულა": კომუნიკაციების კომისია "ოცნების" დავალებით დაგვსჯის


ფოტოკოლაჟი
ფოტოკოლაჟი

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სატელევიზიო არხები, "მთავარი არხი", "TV პირველი" და "ფორმულა" ფიქრობენ, რომ ხელისუფლების დავალებით მათ კომუნიკაციების კომისია დასჯის აქციის, "შინ ევროპისკენ" სარეკლამო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებისთვის. ვიდეოკლიპი, რომელიც 24 ივნისის აქციაზე მოსახლეობას იწვევდა, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" შეფასებით, პოლიტიკურია და მიზნად ისახავს მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შექმნას.

"ჩვენი ევროპული მომავლის შესახებ კლიპზე გვიჩივის "ქართული ოცნება". ყველა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ კომისია დაადგენს, რომ კანონი დავარღვიეთ და ჩვენ დაგვსჯის", - აღნიშნავს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.

"ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ ხელისუფლება კომუნიკაციების კომისიას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ იყენებს.

"არაფერი მანიპულაციური ამ ვიდეოში არ არის, აღებულია მათი გამონათქვამებიდან და რა არ მოეწონათ ამ ვიდეოში, რითი არიან უკმაყოფილოები, ცოტა ვერ ვხვდები. ღარიბაშვილმა არ თქვა ის თუ კობახიძეს არ უთქვამს?..

ეს განსაკუთრებით კომიკურია: არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მიზნებისთვის იყენებენო. ლეგიტიმური მიზანი ამ კლიპს რაც ჰქონდა, მათზე გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოსულიყო, ამ ვიდეოს ვინც ნახავს, ხვდება, რომ ესაა ნათელი მიზანი... აფერისტების მოსადავებელია, იქ რომ საქმე შევიდეს. დანარჩენი კომისიამ იცის. დარწმუნებული ვარ, დაგვაჯარიმებენ სამივეს", - აცხადებს მშვილდაძე.

მსგავსი მოლოდინი აქვთ "TV პირველშიც". არხის აღმასრულებელ დირექტორს, ნანა აბურჯანიძეს ამ მოლოდინის გამო ჯერ არ გადაუწყვეტია, დაესწრება თუ არა კომუნიკაციების კომისიაში ამ დავის განხილვას.

"აწყობილი იყო მთავრობისა და "ოცნების" ლიდერების სინქრონები - რას ამბობდნენ, როგორ ანტიევროპულ და რუსული პროპაგანდის შემცველს განცხადებებს აკეთებდნენ. ამ განცხადებებით არის რგოლი აწყობილი... გგონია, რომ აღარ გაგიკვირდება არაფერი. ჩვენ კომუნიკაციების კომისიისგან არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საჩივრის განხილვა მოხდება სამართლებრივ ჩარჩოებში და ობიექტურად", - თქვა აბურჯანიძემ.

სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება" მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ 3 ტელევიზიას: "მთავარ არხს", "TV პირველსა" და "ფორმულას" კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. პარტიას მიაჩნია, რომ 24 ივნისის აქციის, "შინ ევროპისკენ" გამართვამდე, ამ არხების ეთერში 23 და 24 ივნისს განთავსებული ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის იყო, რადგან ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს უარყოფითად წარმოაჩენდა.

"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილის ("ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა"), 11 ივნისისა ("ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური") და 22 ივნისის ("ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს") განცხადებების ნაწყვეტები. ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის; ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა (ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს) და სხვათა განცხადებების ამონარიდები.

ამ საჩივრის განსახილველად მოსამზადებელი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

XS
SM
MD
LG