Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებთან თავმდაბლობის გამოჩენას ურჩევს საზოგადოებას


თბილისის საკრებულოს 9 აგვისტოს სხდომაზე, სადაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრ ცოტნე კობერიძის მიერ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას, უმრავლესობის დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, არ აჰყვნენ ოპოზიციური პარტიების და აქტივისტების "პროვოკაციებს."

ცოტნე კობერიძემ ირაკლი კობახიძე მისი ანტიდასავლური რიტორიკისა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

"რატომღაც კობახიძეს არასდროს გული არ შესტკიოდა, როცა ადამიანებს არ მოსწონდათ ირანელები ან თურქები, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა, როდესაც ამ ქვეყანაში ხალხს არ მოსწონს თავისი მტერი - რუსები. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ კობახიძე ერთ პაკეტში ხედავს რუსებთან, ამ განწყობებთან საკუთარ თავს. მან იცის, რომ ძალიან ჰგავს მისი პარტია რუსეთს და ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში იმართება. ძალიან კარგად იცის, რომ მის ბელადს რომ ურეკავენ, ვიღაც მისტერ ბორიას კი არ ეუბნება, ბორინკათი მიმართავს და იცის, რომ ბორინკას პარტიიდან არის", - თქვა კობერიძემ. მის ამ გამოსვლას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში, რამაც სხდომის რამდენიმე წუთით შეჩერება გამოიწვია.

ცოტნე კობერიძის გარდა, სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც გამოხატეს უკმაყოფილება მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამო, რასაც ასევე კრიტიკით უპასუხეს საკრებულოს წევრებმა მმართველი პარტიიდან. რამდენიმემ მიუთითა კოლეგებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკრებულოს წევრის საქმე არ არის და ამისთვის სპეციალური სახელმწიფო უწყებები ფუნქციონირებენ. დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა კი საზოგადოებას მოუწოდა, სიმშვიდით, თავმდაბლობით და ქართული სტუმარ-მასპინძლობით დახვდნენ რუსეთის მოქალაქეებს.

"პროვოკაციული პერფორმანსები ეწყობა “სირცხვილიას” მიერ, ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რომ თქვენი მზაკვრული გეგმები, "ნაციონალური მოძრაობის" ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველა მიმართულებით ჩავარდა და ახალი სქემა გაქვთ მოფიქრებული.

საზოგადოებაში გინდათ გამოიწვიოთ აურზაური და რაღაც სახით შექმნათ ისეთი ფონი, თითქოს შემოვიდნენ რუსები, რჩებიან, აქ ცხოვრობენ, ჩვენ სად წავიდეთ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიგყავთ… თქვენ თვითონაც არ იცით, რა ინტერპრეტაციით მიდიხართ და რას ემსახურებით ზოგადად.

მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ და ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ჩვენი თავმდაბლობა გამოვიჩინოთ და მივყვეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას. საზოგადოებას მოვუწოდებ არ აყვნენ პროვოკაციებს" - თქვა ჩხარტიშვილმა.

შსს-ს მონაცემებით, ივნისში საქართველოში შემოვიდა რუსეთის დაახლოებით 135 000 მოქალაქე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მხოლოდ მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა 6419 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც მთელ წინა წელთან შედარებით 7-ჯერ მეტია.

XS
SM
MD
LG