Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურად დადასტურდა კრეისერ "მოსკვას" მესამე ჯარისკაცის დაღუპვა


კრეისერი "მოსკვა" 2022 წლის აპრილში, ჩაძირვამდე
კრეისერი "მოსკვა" 2022 წლის აპრილში, ჩაძირვამდე

ახალწვეული ლეონიდ სავინის ნათესავებმა მიიღეს ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. სავინი კრეისერ "მოსკვაზე" მსახურობდა და გემის ჩაძირვის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. ამის შესახებ მისმა ძმამ, ვლადიმირ სავინმა განუცხადა ტელეგრამის ერთ-ერთ არხს.

"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ კრეისერის წყლიდან ამოღებამდე არაფერი არ იქნება ცნობილი", - თქვა სავინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაჰპირდა დახმარებას ამ ტრაგედიის "დამნაშავეების გარკვევაში".

სავინების ოჯახის თანახმად, ლეონიდი ახალწვეულ იყო, ის ჯარში სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს. მისი სამსახურის ვადა 2022 წლის ივლისში იწურებოდა და ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებდა. კრეისერზე ის დაკავებული იყო მომარაგებით, სამზარეულოში მზარეულებს ეხმარებოდა. გემის დაღუპვის შემდეგ მეზღვაურის ოჯახმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ მიაღწიონ იმ პირების დასჯას, რომლებმაც დაუშვეს ახალწვეულების ჩაბმა საბრძოლო მოქმედებებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა კრეისერ "მოსკვას" კიდევ ერთი ახალწვეულის – 23 წლის ივან ფრანტინის გარდაცვალება. მეზღვაურის დის თქმით, ამის შესახებ უწყებამ მის ნათესავებს განუცხადა. მათ ჯერ არ მიუღიათ ფრანტინის გარდაცვალების მოწმობა. ადრე ისიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

გასულ კვირას, 2 აგვისტოს, შვილის გარდაცვალების მოწმობა მიიღო კრეისერ "მოსკვას" კიდევ ერთი ახალწვეულის, 20 წლის ეგორ შკრებეცის მამამ. ისიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟში, სხვადასხვა მონაცემით, 510-დან 758-მდე სამხედრო ირიცხებოდა. გემი, რომელსაც თავდაპირველად „სლავა“ ერქვა და ექსპლუატაციაში 1983 წლიდან გაუშვეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანად ითვლებოდა. 186 მეტრის სიგრძის კრეისერის ძირითადი შეიარაღება იყო რაკეტა „ვულკანის“ 16 გამშვები დანადგარი.

13 აპრილს, ღამით, ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი "მოსკვა" სერიოზულად დააზიანეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით. იმავე ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ ყოფილა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა. მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძრითა და საბრძოლო მასალის დეტონაციით დაზიანებული ხომალდის კორპუსმა ვერ გაუძლო ბუქსირით დანიშნულების ადგილისკენ გადაყვანას.

უკრაინული წყაროების მტკიცებით, კრეისერზე 510 მეზღვაური მსახურობდა.

XS
SM
MD
LG