რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე, სარაკეტო კრეისერ „მოსკვა“-ზე სარაკეტო დარტყმაში უკრაინის არმიას აშშ-ის დაზვერვის მონაცემები დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმირებულ ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყებიან ტელეკომპანია NBC და გამოცემები Washington Post-ი და New York Times-ი.
მათი წყაროების თანახმად, უკრაინამ ითხოვა შავ ზღვაში მყოფი გემის იდენტიფიცირება და მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა კრეისერი „მოსკვა“ ამოიცნეს და მისი ზუსტი ადგილსამყოფელი განსაზღვრეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრეისერს რაკეტები ესროლეს. ამასთან, ამერიკელი ჩინოვნიკების თანახმად, შეერთებული შტატები არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები "მოსკვა"-ზე სარაკეტო იერიშს მიიტანდნენ.
13 აპრილს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა რაკეტა „ნეპტუნ"-ით სერიოზულად დააზიანეს რუსეთის სარაკეტო კრეისერი "მოსკვა". რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ იყო.
14 აპრილს, დღისით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი ლოკალიზებულია, საბრძოლო მასალების აფეთქება შეწყდა, გემს ცურვის უნარი შენარჩუნებული აქვს, მისი ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა და მიღებულია ზომები პორტში კრეისერის ბუქსირით გადასაყვანად. 14 აპრილს, ღამით კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "მოსკვა"-ს ჩაძირვა დაადასტურა.
ერთი კვირის შემდეგ, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური შეტყობინება, რომ კრეისერზე დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი და 27 დაკარგულად ითვლება. მას შემდეგ რუსეთს „დაკარგულთა“ ბედის შესახებ აღარაფერი უთქვამს. სხვადასხვა მონაცემით, „მოსკვა“-ს ეკიპაჟში 400-დან 680-მდე წევრი იყო, ძირითადად, ჯარში ახალგაწვეული მეზღვაურები.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, "მოსკვა" ის კრეისერია, საიდანაც 24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეს, დანებება მოსთხოვეს კუნძულ ზმეინის დამცველ მესაზღვრეებს. „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ - ამ სიტყვებით უპასუხა რუსების მოთხოვნას უკრაინელმა მესაზღვრემ, რომან გრიბოვმა. მოგვიანებით, რუსმა სამხედროებმა კუნძულზე შეტევა განახორციელეს და ზმეინის დამცველი უკრაინელი მესაზღვრეები დაატყვევეს. ისინი ერთი თვის შემდეგ გაცვალეს რუს სამხედრო ტყვეებში.
5 მაისს, გამოცემა New York Times-ი წერდა, რომ უკრაინის არმიას აშშ-ისგან მიღებული სადაზვერვო მონაცემები დაეხმარა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე რუსი გენერლის ადგილსამყოფლის დადგენასა და მათ განადგურებაში.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ პენტაგონში ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას აწვდის სადაზვერვო მონაცემებს, რათა ქვეყნის დაცვაში დაეხმაროს, მაგრამ არ გადასცემს ინფორმაციას ბრძოლის ველზე მყოფი სამხედრო მაღალჩინოსნების ადგილსამყოფლის შესახებ და არ მონაწილეობს უკრაინელი სამხედროების მიერ სამიზნეების განსაზღვრაში. როგორც კირბიმ თქვა, უკრაინელებს ამერიკელებზე მეტი ინფორმაცია აქვთ, რადგან ეს მათი ქვეყანა და მათი ტერიტორიაა და სადაზვერვო მონაცემების მოპოვების საკუთარი შესაძლებლობები გააჩნიათ.