Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ უკრაინაში გაიზარდა მოთხოვნა მარკაზე მისი გამოსახულებით


უკრაინის ფოსტის მიერ გამოშვებული მარკა, რომელზეც გამოსახულია რუსული კრეისერი "მოსკვა" და უკრაინელი მესაზღვრე რომან გრიბოვი. 2022 წლის 12 აპრილი.
უკრაინის ფოსტის მიერ გამოშვებული მარკა, რომელზეც გამოსახულია რუსული კრეისერი "მოსკვა" და უკრაინელი მესაზღვრე რომან გრიბოვი. 2022 წლის 12 აპრილი.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვა“-ს ჩაძირვის შემდეგ, უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა საფოსტო მარკაზე, რომელზეც გამოსახულია კრეისერი და ცნობილი ფრაზის: რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ...“-ის ავტორი, უკრაინელი მესაზღვრე რომან გრიბოვი.

უკრაინის ფოსტამ ეს მარკა მიმოქცევაში ჯერ კიდევ რუსული კრეისერის ჩაძირვამდე, 12 აპრილს გაუშვა. 14 აპრილს, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მოსკვა“ შავ ზღვაში ჩაიძირა, უკრაინის საფოსტო განყოფილებებთან ამ მარკის შესაძენად რიგები დადგა.

მარკების ალბომთან ერთად გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

13 აპრილს, ღამით, ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი "მოსკვა" სერიოზულად დააზიანეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით. იმავე ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ იყო.

14 აპრილს, დღისით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კრეისერზე ხანძარი ლოკალიზებულია, საბრძოლო მასალების აფეთქება შეწყდა, გემს ცურვის უნარი შენარჩუნებული აქვს, მისი ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა და მიღებულია ზომები პორტში კრეისერის ბუქსირით გადასაყვანად.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის სპიკერი ვლადისლავ ნაზაროვი. მისი განცხადებით, უკრაინული რაკეტა "ნეპტუნ"-ით მნიშვნელოვნად დაზიანებული რუსული კრეისერისთვის დახმარებას ცდილობდნენ სხვა გემები, თუმცა, ზღვაზე შტორმის და საბრძოლო მასალების ძლიერი აფეთქებების შედეგად, კრეისერი გადაიხარა და ჩაძირვა დაიწყო. 14 აპრილს, ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "მოსკვა"-ს ჩაძირვა დაადასტურა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, "მოსკვა" ის კრეისერია, საიდანაც 24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეს, დანებება მოსთხოვეს კუნძულ ზმეინის დამცველ მესაზღვრეებს. „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ - ამ სიტყვებით უპასუხა რუსების მოთხოვნას უკრაინელმა მესაზღვრემ, რომან გრიბოვმა. მოგვიანებით, რუსმა სამხედროებმა კუნძულზე შეტევა განახორციელეს და ზმეინის დამცველი უკრაინელი მესაზღვრეები დაატყვევეს. ისინი ერთი თვის შემდეგ გაცვალეს რუს სამხედრო ტყვეებში.

კრეისერ „მოსკვა“-ს ეკიპაჟში, სხვადასხვა მონაცემით, 510-დან 758-მდე სამხედრო ირიცხებოდა. გემი, რომელსაც თავდაპირველად „სლავა“ ერქვა და ექსპლუატაციაში 1983 წლიდან გაუშვეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანად ითვლებოდა. 186 მეტრის სიგრძის კრეისერის ძირითადი შეიარაღება იყო რაკეტა „ვულკანის“ 16 გამშვები დანადგარი.

XS
SM
MD
LG