"მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით განმარტების გამო მადლობას უხდის. მოსამართლემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ელჩის დაგვიანებულმა განმარტებამ მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაზარდა.
"პირდაპირ მინდა ქალბატონ კელის მადლობა გადავუხადო. მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ბრძანა ის, რისი მოლოდინიც თავიდანვე მქონდა. დაგვიანებულმა განცხადებებმა გამოიწვია უარყოფითი დამოკიდებულების ზრდა ჩემ მიმართ. მე მისი განცხადებების სიღრმეებში არ ჩავალ. ამ ეტაპზე აბსოლუტურად დასაკმაყოფილებელია და ვფიქრობ, რომ ამით სპეკულაციები უნდა დასრულდეს ჩემს შესაძლო სანქცირებაზე", - ამბობს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.
კითხვაზე, ელჩის კომენტარის მიუხედავად, როგორი იყო მისი აღქმა, როცა ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ საელჩოს პროგრამით ვეღარ ისარგებლა, ლაშა ჩხიკვაძე ასე პასუხობს:
"მეც გამიჩნდა არათუ ასეთი განცდა, არამედ ფაქტობრივად უკვე შედეგობრივად ასე იყო. ამას, ალბათ, მე თვითონ გავარკვევ [საელჩოსთან]... მე ფაქტიდან გამომდინარე შესაძლოა ეს განცდა მრჩება, შედეგობრივად ამის შესაძლებლობა მაქვს. თუმცა შესაძლოა ეს კომუნიკაციის პრობლემას უკავშირდებოდეს ან გაუგებრობას - ამას მე დამატებით გავარკვევ აუცილებლად".
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული არ არის.
"რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც", - თქვა ელჩმა.
20 მაისს ცნობილი გახდა, რომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა. ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.
ამ საკითხზე ღიად საუბარი მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა. მაგალითად, 17 ივლისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "იმედი" ეთერში თქვა, რომ მან თავის კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
"დღემდე ჩემთვის ეს კითხვა აბსოლუტურად პასუხგაუცემელია - არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული თუ არ არის. თუ არის, ამას ბუნებრივია მოსდევს კითხვა - რატომ", - თქვა მოსამართლემ.
უფრო ადრე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.