გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი რუსეთში, თავისი თქმით, შვებულებით ჩავიდა. ამის შესახებ მან RTL-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომელიც შრიოდერს 25 ივლისს მოსკოვის ცენტრში, „როსნეფტის“ შტაბ-ბინიდან არც თუ ისე შორს შეხვდა.
თუმცა, პოლიტიკოსის მეუღლემ, გამოცემა„შპიგელს“ განუცხადა, რომ შრიოდერი შვებულებით არ იმყოფებოდა რუსეთში, და რომ ის „ენერგეტიკაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა“.
გამოცემის წყაროების ცნობით, მოლაპარაკების თემა შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“ გაზსადენით გაზის მიწოდება იყოს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა: კრემლმა იცის, რომ შრიოდერი მოსკოვში იმყოფება, მაგრამ "შეხვედრები, როგორც ასეთი, არ ხდება,“ თუმცა კონტაქტები პუტინთან არ არის გამორიცხული.
2022 წლის მაისში გერჰარდ შრიოდერმა დატოვა „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭო მას შემდეგ, რაც მას სანქციებით დაემუქრნენ. მან თებერვალში უარყო შეთავაზება, გამხდარიყო „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
გერჰარდ შრიოდერი გერმანიის მთავრობას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის ჩართული იყო რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადში“.
2017 წლის სექტემბერში, „როსნეფტის“ აქციონერთა კრებაზე, შრიოდერი ერთხმად აირჩიეს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. 2021 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ იგი ხელახლა აირჩიეს ამ თანამდებობაზე. მისი ხელფასი 600 ათასი დოლარი იყო.
25 ივლისს „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ შეწყვეტს „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ გაზსადენის კიდევ ერთი ტურბინის ექსპლუატაციას, რითაც შეამცირებს მიწზოზდებული აირის მოცულობას დაგეგმილი სიმძლავრის 20%-მდე.
26 ივლისს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გაზის მოხმარების ნებაყოფლობით შემცირებაზე 15%-ით 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შემცირების მიზეზი არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკურია და რუსეთი ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ „გაზის ომის“ წარმოებაში დაადანაშაულეს. მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.