ევროკავშირის ენერგეტიკის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კადრი სიმსონმა დაგმო რუსეთის გაზპრომის განცხადება, რომ შეანელებს მიწოდებას ევროპისთვის - იმ ფონზე, როცა ბლოკის წევრები მოსკოვს ენერგიის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ, უკრაინაში თავისი ომის წარმოებისას.
გაზპრომმა, რომელიც დაეყრდნო ამ მრეწველობაში მოქმედი სადამკვირვებლო უწყების რეკომენდაციებს, 25 ივლისს განაცხადა, რომ 26 ივლისიდან დღეში 33 კუბური მეტრით შეამცირებს გაზის მიწოდებას გერმანიისთვის, "ჩრდილოეთის ნაკადი 1" მილსადენით. ეს არის ნახევარი ამჟამინდელი ოდენობისა, რომელიც თავისთავად წარმოადგენს უწინდელი მოცულობის 40 პროცენტს.
"ჩვენ ვიცით, რომ საამისოდ ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. და სწორედ ამ მიზეზით, ჩვენი გაზის მოთხოვნის პრევენციული შემცირება გონივრული სტრატეგიაა" - თქვა სიმსონმა ბრიუსელში, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
გავრცელებული ვარაუდით, მინისტრები მიაღწევენ შეთანხმებას გაზის საგანგებო წესებზე ევროკავშირისთვის, თუმცა მოელიან, რომ შეთანხმებას რამდენიმე ქვეყანა არ შეუერთდება.
ჩეხეთის ვაჭრობის მინისტრის, იოზეფ სიკელას თქმით, შემცირება აუცილებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "გააგრძელებს გაზის მიწოდების არამართებულად გამოყენების და ამით შანტაჟის თავის ბინძურ თამაშს".