Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩია ხელისუფლებაზე: თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც გაშარავენ და ამ ქვეყანასაც


იაგო ხვიჩია, პარლამენტის წევრი
იაგო ხვიჩია, პარლამენტის წევრი

საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი "გირჩიდან", იაგო ხვიჩია ხელისუფლების წარმომადგენლების სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ხვიჩია ჟურნალისტებს მას შემდეგ ესაუბრა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა თქვა, რომ დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.

"ჯერ კიდევ ვახსოვართ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა ჩვენი ხელისუფლება. შესაბამისად, ამაზე მხოლოდ მადლობაა სათქმელი და მგონი არავის არ გაუკვირდება და ბუნებრივია, რომ აშშ თვის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მხარს დაუჭერდა... ჩემი აზრით, თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც გაშარავენ და ამ ქვეყანასაც", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკანასნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი გახდა. მაგალითად, 20 ივლისს მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას.

"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წერილში, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა, ანუ ამ საქმით დაინტერესებულმა ერთ-ერთმა მხარემ გაავრცელა, საუბარია აშშ-ის საელჩოსთან კომუნიკაციაზე.

„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი", - ნათქვამია მოსამართლის წერილში.

მოსამართლის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. კითხვაზე, რას ნიშნავს განმარტების მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლე საუბრობს თავის განცხადებაში, დეგნანმა უპასუხა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

XS
SM
MD
LG