Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის ზაფხულის ცხელი დღეები საშიში - NCDC რეკომენდაციებს აქვეყნებს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ეს ის პერიოდია, როცა ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე მიადგეს.

"განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

რას იწვევს მაღალი ტემპერატურა?

  • დეჰიდრატაციას (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი);
  • გადახურებას, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სითბურ გამოფიტვას;
  • სითბურ დაკვრას.

ვინ არის საფრთხის ქვეშ?

  • 75 წელს გადაცილებული ადამიანები;
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები;
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე ადამიანები;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანები;
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენა აქვთ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე;
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებულები (ნარკოტიკების მომხმარებლები);
  • ფიზიკურად აქტიური ადამიანები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული ადამიანები, სპორტსმენები).

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ზაფხულის ცხელ დღეებში?

  • დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით კი 24 გრადუსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ;
  • რეკომენდირებულია ღამით ფანჯრების გაღება იმ დრომდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება;
  • დღისით უნდა შემცირდეს სახლში სიცხის შეღწევა - დაიხუროს ფანჯრები, ჟალუზები, დარაბები - განსაკუთრებით იმ მხარეს, საიდანაც მზე ანათებს;
  • სველი პირსახოცების სახლში ჩამოკიდებით გაიზრდება ოთახის ტენიანობა;
  • ვენტილატორის გამოყენება სასურველია 35 გრადუს ტემპერატურამდე, სხვა შემთხვევაში ის პრობლემას ვერ გადაჭრის;
  • აუცილებელია სითხის მიღება;
  • შხაპის ხშირი მიღება, ყინულის პაკეტები და სველი პირსახოცი გაგრილებაში ეხმარება ადამიანს.

გარდა ამისა:

  • ადამიანებმა უნდა შეარჩიონ სახლის ყველაზე გრილი ოთახი;
  • თუ სახლში შეუძლებელია სიგრილის შენარჩუნება, სასურველია დღის განმავლობაში 2-3 საათის განმავლობაში გრილ ადგილზე ყოფნა;
  • დღის ცხელ პერიოდში არ არის სასურველი გარეთ გასვლა - თუ გასვლა გარდაუვალია, რეკომენდირებულია ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა, კეპის ან ქოლგის ტარება და მზისგან დამცავი სათვალის გაკეთება;
  • არ არის რეკომენდირებული მაღალი ფიზიკური აქტივობა;
  • ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ტრანსპორტში დატოვება აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

XS
SM
MD
LG