Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორ ჯაფარ ფანაჰის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა


ჯაფარ ფანაჰი
ჯაფარ ფანაჰი

ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორს, ჯაფარ ფანაჰის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს 2010 წელს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერაში და „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდაში“.

გასულ კვირაში ფანაჰი თეირანში დააპატიმრეს. სამშაბათს სასამართლომ დაადგინა, რომ კინორეჟისორმა უნდა მოიხადოს მისთვის ჯერ კიდევ 12 წლის წინ მისჯილი პატიმრობის ვადა. ფანაჰი ირანის მესამე კინორეჟისორია, რომელიც ამ თვეში დააპატიმრეს.

2009-2010 წლის ზამთარში, ირანში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ოპოზიციის კანდიდატის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მირ-ჰოსეინ მუსავის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები გამართეს და გააპროტესტეს არჩევნების ოფიციალური შედეგი, რომლის თანახმადაც, გამარჯვება მიენიჭა მოქმედ პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინეჟადს. მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გაყალბებაში დასდეს ბრალი. საპროტესტო გამოსვლები ჩაახშეს, იყო მსხვერპლი. ფანაჰი, რომელმაც მაშინ დემონსტრანტებს დაუჭირა მხარი, დააპატიმრეს და სასამართლომ მას ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ ორი თვის პატიმრობის შემდეგ ის პირობით გაათავისუფლეს ვადაზე ადრე. მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება, ფილმების გადაღება და სცენარების დაწერა.

მიმდინარე წლის ივლისში ირანში დააპატიმრეს კიდევ ორი კინორეჟისორი: მოჰამად რასულოფი (ბერლინის კინოფესტივალის 2020 წლის გრან-პრის ლაურეატი) და მისი ასისტენტი მოსტაფა ალეაჰმადი. 11 ივლისს ფანაჰიმ პროკურატურას მიმართა, რათა შეეტყო რასულოფის მდგომარეობა. იქ რეჟისორს უთხრეს, რომ 2010 წელს მისთვის მისჯილი პატიმრობის ვადა არ ითვლება მოხდილად. ის დააპატიმრეს. სამშაბათს სასამართლომ დაადგინა, რომ ფანაჰიმ ექვსწლიანი პატიმრობა ხელახლა უნდა მოიხადოს.

62 წლის ჯაფარ ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მისმა ფილმმა „ტაქსიმ“ 2015 წელს ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. ფილმმა „სამი სახე“ 2018 წელს კანის კინოფესტივალის პრემია მიიღო საუკეთესო სცენარისთვის. მის აქტივშია ასევე ლოკარნოს კინოფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“.

2022 წელს ფანაჰიმ და რასულოფმა 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და კულტურის მოღვაწესთან ერთად მოაწერეს ხელი ღია წერილს, რომელშიც დაგმობილი იყო მზარდი რეპრესიები სიტყვის თავისუფლებისა და შემოქმედების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG